ახალი ამბებივიდეორეპორტაჟითვითმმართველობა

თელავში „ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარების და განათლების ცენტრი“ გაიხსნა

თელავში პირველად „ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარების და განათლების ცენტრი“ გაიხსნა.

ცენტრი მიზნად ისახავს ადრეული ასაკის ბავშვების განვითარებისა და განათლების ხელშეწყობას, ადრეული განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ბავშვებისათვის სხვადასხვა მრავალფეროვანი მხარდამჭერი მომსახურებების შეთავაზებას.

ცენტრის გახსნას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნანა ათუაშვილი აცხადებს, რომ ცენტრი ამ ეტაპზე ყველა ბავშვს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ მუსიკა თერაპიის მომსახურებას.

,,ცენტრს ასევე თერაპიული კუთხითაც მუშაობის ფუნქცია ექნება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ბავშვებისა და მშობლების პოზიტიურ ურთიერთობაზე, დატვირთული იქნება სხვადასხვა პროგრამული საშუალებით და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ცენტრი შეავსებს იმ სერვისების ნაკლებობას, რაც ამ მიმართულებით თელავს გააჩნია.
იმ სოფლების მაცხოვრებლებისთვის, სადაც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს, სერვისები იქნება უფასო, ხოლო სხვა მსურველებისთვის გარკვეული სერვისები ფასიანი’’,– განუცხადა knews.ge-ს ნანა ათუაშვილმა.

ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ტექნიკური პროგრამის კოორდინატორის, ცირა ბარქაიას თქმით, ცენტრის მუშაობა მორგებული იქნება ბავშვების საჭიროებებზე და მოიცავს როგორ ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ სესიებს.

მისივე თქმით, მშობლებისთვის და მათი სხვა მზრუნველი პირებისათვის ბავშვთა ადრეული განათლების, განვითარების,მათი დაცვისა და პოზიტიური მშობლობის მიმართულებით ჩატარდება საინფორმაციო სესიები.

,,ბავშვების ადრეულ ასაკში განვითარება არის მნიშვნელოვანი. ეს გულისხმობს დაბადებიდან 8 წლამდე ასაკის ჯგუფთან მუშაობას, განვითარების სხვადასხვა თავისებურებების ხელშეწყობას, იქნება ეს მუსიკის თერაპია, თუ ტრენინგები, რომლებიც მშობლებისთვის ჩატარება’’, – აღნიშნა ცირა ბარქაიამ.
ცენტრი შეიქმნა World Vision საქართველოს, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში.