ახალი ამბები

გერმანიის პრეზიდენტი კახეთს ეწვევა

გერმანიის პრეზიდენტი კახეთში ვიზიტს გეგმავს. დღეს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წინანდლალში ჩავა, სადაც სასტუმრო “რედისონში” მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმასპინძლებს.

ხვალ კი გერმანიის პრეზიდენტი ალავერდის მონასტერს ესტუმრება და მონასტრის ღვინის მარანს დაათვალიერებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ტრადიციად უნდა იქცეს, რომ მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტებისას ოფიციალური ვახშამი რეგიონში გაიმართოს.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ თბილისზე არ არის დამოკიდებული.

პრეზიდენტმა შტაინმაიერთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა გერმანია-საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ ეკონომიკური მიმართულებით, დიდი პოტენციალია, რომელიც ჯერ გამოყენებული არ არის.

„ბატონი პრეზიდენტი ესტუმრება კახეთს და ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში და ეს ტრადიციად უნდა იქცეს იმისთვის, რათა ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ თბილისზე არ არის დამოკიდებული, არის დამოკიდებული რეგიონებზე და მათ სიმძლავრეზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი