ახალი ამბები

სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად წყლის სისტემის მშენებლობა იწყება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და კომპანია შპს „ალგეთის“ დირექტორმა შალვა შალვაშვილმა მოაწერეს.

,,პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი რეზერვუარი და ჭაბურღილი, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილს.

გარდა ამისა, სოფლის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება შიდა წყალმომარაგების ქსელები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლის შემოდგომიდან, სოფლის 2000-მდე მაცხოვრებელი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”,-აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 678 926.15 ლარით ფინანსდება.