ახალი ამბები

თელავში ხვალ კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნება

თელავის დრამატულ თეატრში, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, კლასიკური მუსიკის ფესტივალი ცნობილი მევიოლინის კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნება. კონცერტს არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს. ფესტივალი 29 სექტემბერამდე გაგრძელდება.

ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით, მსმენელის წინაშე წარდგებიან სხვადასხვა თაობის ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები.

,,ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარსდგებიან ელისო ვირსალაძე, კოლია ბლახერი, ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი, გორის ქალთა კამერული გუნდი, ნიკოლოზ ნამორაძე და სხვა გამოჩენილი მუსიკოსები.

ფესტივალის ორგანიზატორია სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო”,– აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა. ფესტივალი მუსიკოს ელისო ვირსალაძის მიერ 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად იმართება.

ტრადიციულად, ფესტივალი თელავში ტარდება, რა დროსაც ქალაქი სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებს მასპინძლობს.