ახალი ამბებისტატიები

მეორე რთველი სუბსიდიის გარეშე – ინფოგრაფიკა

კახეთში მეორე წელია რაც რთველი სუბსიდიის გარეშე ტარდება. ყურძნის შესასყიდ ფასს წელსაც ბაზარი არეგულირებს.

ყოველი რთველის დასაწყისში, მევენახეების ინტერესის საგანს ყურძნის ფასი წარმოადგენს. თუ გასულს წელს ერთი კილოგრამი რქაწითელი 1 ლარამდე ღირდა, წელს მისი ფასი 0.70 თეთრია.

რამდენიმე დღის წინ მევენახეებმა რქაწითელის დაბალი ფასი გააპროტესტეს და ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს. ისინი, ყურძნის სუბსიდირების გაუქმებას უარყოფითად აფასებენ. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ თუ ღვინის კომპანიები რქაწითელს ლარზე ნაკლებ ფასად ჩაიბარებენ, აღარ დაკრეფენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკვიდრს გოჩა ზარდიაშვილს 1 ჰექტარი ვენახის მოვლა 5000 ლარზე მეტი დაუჯდა. ამბობს, რომ ქიმიკატები საკმაოდ ძვირი ღირს, მომატებულია მუშახელის ღირებულებაც. ეს ყველაფერი კი, ყურძნის თვითღირებულებას განსაზღვრავს.

,,ყურძნის მოყვანაში რაც დავხარჯეთ იმასაც ვერ ავანაზღაურებთ. სახელმწიფო გვეუბნება, რომ ამ დარგის სუბსიდირება საჭირო აღარ არის, თუმცა ეს ასე არ არის. არც იმდენი ქარხნებიც აღარ იბარებენ რაც წინა წლებში.“

,,ამდენი თანხა დავხარჯეთ მოსავლის მოყვანაში და კომპანიებზე ვართ დამოკიდებული, მათ კეთილ ნებაზე. განა კილოობით რამდენი უნდა გავყიდოთ რომ ხარჯი ავინაზღაუროთ, რომელ მოგებაზეა საუბარი?’’, – განუცხადეს Knews.ge-ს კახელმა მევენახეებმა.

მევენახეების პროტესტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებმა მევენახეებმა სოფელ ზეგაანის შესასვლელთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ და შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ.

მევენახეების განმარტებით, რქაწითელი მინიმუმ, 1 ლარი, საფერავი კი 2-დამ 3 ლარამდე უნდა ღირდეს. მევენახეები განმარტავენ, რომ დაუკრეფავი ყურძენი ულპებათ. ისინი მოსავლის დროულად რეალიზებისთვის გურჯაანში ქარხნების გახსნას ითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მევენახეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გუბერნატორი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეხვედნენ.

 

ყურძნის სუბსიდირების ქრონიკა

მთავრობამ კახეთის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის დასახმარებლად 10 წლის განმავლობაში მილიონობით ლარი დახარჯა. მთავრობამ 2 წლის ჩათვლა რომ დარგი სუბსიდირების აღარ საჭიროებდა. წელს მეორე რთველია რაც სუბსიდირება სრულად შეწყდა და მევენახეებს კვლავაც უჭირთ ყურძნის ჩაბარება და რეალიზაცია.

ყურძენზე გაცემულმა სუბსიდიამ 2008 წლიდან 2017 წლამდე ჯამში 192 მილიონი ლარი შეადგინა.

2017 წელს გაიცა 13,6 მლნ ლარი. გადამუშავდა – 130 ათას ტონამდე. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიდნენ, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებდნენ. დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე – 1კგ-ზე 2 ლარი.

2016 წელს გადამუშავდა 117 ათასი ტ. სუბსიდია 1 კგ. რქაწითელისათვის – 0,45 ლარი; 1 კგ. კახური მწვანისათვის – 0,45 ლარი; 1 კგ. საფერავისათვის – 0,20 ლარი; ალექსანდროულ-მუჯურეთულისთვის- 2 ლარი; გაცემული სუბსიდია – 35,5 მლნ ლარი.

2015 წელს გადამუშავდა 148,3 ათასი ტონა, სუბსიდია საფერავის ჯიშის ყურძენზე – 0,15 ლარი, რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძენზე – 0,35 ლარი, გაცემული სუბსიდია – 35,7 მლნ ლარი.

2014 წელს კახეთში ღვინის კომპანიები საფერავის ჯიშის ყურძენს 1.30 ლარად იბარებდნენ, რქაწითელს 1 ლარად. 1 კილოგრამი ხარისხიანი საფერავის ფასი 2-დან 2.50 ლარამდე მერყეობდა, მიკროზონაში მოყვანილ ყურძენში 3 ლარსაც იხდიდნენ.

2013 წელს 1 კგ საფერავის საშუალო შეწონილი ფასი (სუბსიდირების გარეშე) 0.98 ლარი იყო, ხოლო რქაწითელის ფასმა 0.73 ლარი შეადგინა.

2012 წელს ღვინის ქარხნებმა რქაწითელის ჯიშის ყურძენი 75 თეთრად, საფერავი კი – 65 თეთრად ჩაიბარეს. სახელმწიფომ კი ერთი კილოგრამი საფერავისა და რქაწითელის ფასი ერთ ლარამდე შეავსო. სუბსიდიის სახით ერთ კილოგრამ რქაწითელზე 25 თეთრი იყო გამოყოფილი, საფერავის ჯიშის ყურძენზე კი 35 თეთრი.

2011 წელს ღვინის კომპანიებმა რქაწითელის ღირებულება განსა¬ზღვრეს 45 თეთრად, რასაც სახელ¬მწიფომ სუბსიდიის სახით 25 თეთრი დაამატა, ჯამში 70 თეთრი. ქარხნები საფერავში 65 თეთრს იხდიდნენ, სუბსიდიის სახით 25 თეთრი იყო დამატებული და ჯამში 90 თეთრი გამოდიოდა.

2010 წელს კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძენის ღირებულება იყო 40 თეთრი და სახელმწიფო სუბსი¬დიის სახით დამატებით 25 თეთრი გაიცემოდა. რქაწითელში 30 თეთრს ღვინის ქარხანა იხდიდა, 15 თეთრი სუბსიდიიდან ემატებოდა.

2009 წელს ”2009 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებზე” 5 704 000 ლარი გამოიყო. 2008 წელს მთავრობამ რთველისთვის 8 მილიონი ლარი გამოიყო.

2007 წელს, როდესაც რთველის სუბსიდირება პირველად განხორციელდა, მევენახეები კილოგრამ საფერავზე 25 თეთრს იღებდნენ, რქაწითელაზე კი – 15 თეთრს. წელს, რქაწითელის ფასი სუბსიდიის ჩათვლით 60 თეთრით განისაზღვრა, ხოლო საფერავის ღირებულება კი 70 თეთრია.

სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახდენდა.

 

სუბსიდირების შეფასება

ბოლო 3 წლის განმავლობაში, რთველის პერიოდი ყველაზე აქტუალური კითხვა – უნდა იყოს თუ არა რთველის სუბსიდირება? 2017 წელს სახელმწიფომ ნაწილობრივი სუბსიდია განახორციელა, ხოლო ბოლო 2 წლის მანძილზე სრულად შეწყვიტა.

სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან სწორია, რადგან ყურძნის ხარისხი სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად უნდა გაუმჯობესდეს.

,,როდესაც ფერმერი სუბსიდიას იღებს, უფრო თამამად არის და გასაღების პრობლემა არ აქვს. მისი თქმით, სუბსიდიის პირობებში მას გარანტირებულად მინიმალური შემოსავალი ჰქონდა. მთავრობის ეს გადაწყვეტილება გახდება მოტივატორი იმისა, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს“, – ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა მედიასთან „ბადაგონის“ დირექტორი გია შენგელია.

ასევე, ჯერ კიდევ გასულ წელს, ,,შუხმან ვაინს ჯორჯიას’’-ის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი განმარტავდა, რომ სახელმწიფო ცდილობს ღვინის სექტორი დამოუკიდებელ დარგად აქციოს რაც მისი თქმით, დადებითი ნაბიჯია.

„სუბსიდიის გაქრობა ბაზრის მიწოდება-მოთხოვნის დასტაბილურებიდან გამომდინარეობს. დარგს ეს წინა წლებში სჭირდებოდა მაგრამ, ჩვენ სტატისტიკას, რომ მივყვეთ საკმაოდ ზრდადია ღვინის სექტორის ბაზრები მსოფლიოს მასშტაბით.

დიდი რაოდენობით ხდება ყურძნის ჩაბარება, რთველის დროს ჩაუბარებელი ყურძენი აღარ არის, შესაბამისად სახელმწიფო ქარხნები აღარ არსებობს, რომელიც გლეხისგან ყურძენს იბარებდა, რადგან გლეხს არ ეზარალა. პოლიტიკა მიდის იქეთკენ, რომ დარგი გახდეს დამოუკიდებელი და მოხდეს საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაცია.“

ექსპერტების დიდი ნაწილი სუბსიდირების ამ ფორმას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავს სისტემას დადებითი შედეგი არ მოაქვს.

დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ თუ სუბსიდირებას კონკრეტულად ყურძნის გადამუშავებაზე გასცემს, მევენახეც მეტ სარგებელს მიიღებს და მთავრობაც მოგებული დარჩება.

 

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი