არჩევნებიახალი ამბებივიდეორეპორტაჟისტატიები

რა ცვლილებების შეტანას ითხოვენ საარჩევნო კოდექსში სადამკვირვებლო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება’’ (ISFED) საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს რეკომენდაციები წარუდგინა, რომელიც საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ და ამ მიმართულებით მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ძირითად ცვლილებებს ეხება.
აღნიშნული ინიციატივები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თელავში დემოკრატიის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს გააცნეს.
,,სამართლიანი არჩევნების’’ წარმომადგენლების ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტი შეიცავს არაერთ პრობლემურ საკითხს, რაც ამ სახით მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საარჩევნო გარემოს 2020 წლის არჩევნების წინ.
მათივე განმარტებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია რეგულაციები, რაც გამოხატვის თავისუფლებას და მედიას უკავშირდება.
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების’’ დირექტორის მოადგილე ელენე ნიჟარაძე განმარტავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედიას, რაც ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პერიოდში მედია საშუალებების მუშაობაზე.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ რეკომენდაციები მთავრობას უკვე წარუდგინა, რომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსა და კრიტერიუმებს, აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რეგულაციებს, საარჩევნო დავებს, ასევე, გადასატანი ყუთის სიას და სხვა.
,,პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დადებითად ვაფასებთ, თუმცა გვაქვს განსხვავებული პოზიცია გარკვეულ ასპექტებზე, რომელიც შეეხება მაგალითად საარჩევნო ბარიერს და ბლოკებს.
მიგვაჩნია, რომ გაუმართლებელია საარჩევნო ბლოკების გაუქმება. თუ მიზანი ის არის, რომ ბუნებრივი ბარიერის პირობებში რაც შეიძლება მეტი პარტია მოხვდეს პარლამენტში, გაუგებარია რატომ ვუკრძალავთ მაშინ პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანდნენ კოალიციაში და ჩამოაყალიბონ ბლოკები.
ბუნებრივ ბარიერს რაც შეეხება, მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე უფრო მისაღები იქნებოდა 3%-იანი ბარიერიs არსებობა. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციაც, რომ ქვეყნებისთვის, რომელიც დემოკრატიული განვითარების იმ ეტაპზე არიან რომელსაც ჩვენ გავდივართ, სასურველია ბარიერი იყოს 3-დან 5% -მდე. შესაბამისად უკეთესი მოდელი იქნებოდა 3%- იანი ბარიერის არსებობა, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობასაც უზრუნველყოფდა მომავალში’’განუცხადა knews.ge-ს ელენე ნიჟარაძემ.
ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციითვე, შემოთავაზებული ცვლილებებით, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს თუ რა სახის ტექსტს არ უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის და მათ მხარდამჭერების მოწოდება/განცხადება, ემატება „სიძულვილის ენა და ქსენოფობია“.
სიძულვილის ენის ამ სახით რეგულირება კი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში დამკვიდრებულ გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტთან. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სიძულვილის ენის განმარტებას.
ელენე ნიჟარაძეს თქმით, წარმოდგენილი ცვლილება გამოიწვევს გაუგებრობას.
,,რაც შეეხება სიძულვილის ენის რეგულირებას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტშია წარმოდგენილი, ბუნდოვანია და არ შესაბამება საერთაშორისო და გამოხატვის თავისუფლების იმ სტანდარტებს რაც დღეს არსებობს საქართელოში.
მიგვაჩნია, რომ რეალურად ეს რეგულაცია მიმართული იქნება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ განსაკუთრებით წინასარჩევნო კამპანიის პერიოდში.
ეს ცვლილებები ჩვენ უარყოფითად შევაფასეთ, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა. ვიმედოვნებთ შეთანხმებას მივაღწევთ და შევეცდებით, რომ ასეთი სახით ეს ცვლილებები არ აისახოს კოდექსში ‘’, განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი განმარტავს, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აუცილებელია საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხის სრულყოფა საარჩევნო კოდექსში.
მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით კოდექსში არსებული მოდელი ხარვეზიანია.
,,მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ საჯარო განხილვები დაიწყება. ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესოა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოსაზრებების წარდგენა და რეკომენდაციები.
,,სამართლიან არჩვევნებს’’ მსგავსი რეკომენდაციები აქვს მიწოდებული შესაბამის სამსახურებთან. ის ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის სარჩევნო ბარიერის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი ცვლილებას და იმ საკითხებს, რაც ძალიან მიშვნელოვანია.
ჩემთვის როგორც იურისტისთვის საინტერესოა აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციები საარჩევნო დავებთან დაკავშირებით, რომლის გაზიარება ამ კუთხით არსებულ სიტუაციას გააუმჯობესებდა. დავების ის სისტემა რაც არსებობს ხარვეზიანია.
სამწუხაროდ რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული, თუმცა როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ასევე სხვა სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, ვეცდებით, რომ გონივრული რეკომენდაციების მიწვდის საფუძველზე ხელი შევუწყოთ მომავალში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას’’,-განუცხადა Knews.ge-ს მარეხ მგალობლიშვილმა.