ახალი ამბებიგზა ევროპისკენსტატიები

რა წერია NATO – ს ხელშეკრულების მე-5 მუხლში?

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ვიზიტისას ჰერითიჯის ფონდის მკვლევრის, ლუკ კოფის ინიციატივა შეაფასა საქართველოს ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე.
იგი განმარტავს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომდევნო ნაბიჯი საქართველოს არჩევანზეა დამოკიდებული. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელშიც ეხმაურება.
,,საქართველოს შეუძლია, განიხილოს ნატო-ში გაწევრიანება არალეგალურად ოკუპირებული ტერიტორიების მეხუთე მუხლით დაფარვის გარეშე. ეს აჩვენებს რუსეთს, რომ გაყინული კონფლიქტების შექმნა სამუდამოდ ვერ გაყინავს საქართველოს მომავალს“,წერს რასმუსენი „ტვიტერში“.
NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. მისივე განცხადებით, ალიანსმა 2008 წელს შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოსა და უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა, სამოქმედო გეგმა, იგივე „მაპი“ არ მიანიჭა.
,,მომდევნო ნაბიჯი გაწევრიანების გზაზე შეიძლება იყოს, რამდენადაა მისაღები საქართველოსთვის, პირველ ეტაპზე შევიდეს ნატოში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე, ანუ საქართველო შედის ნატოში და მე-5 მუხლი ფარავს მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას“, — ამბობს რასმუსენი.
EECMD-ის წარმომადგენელი კახეთში ნიკოლოზ შარვაშიძე მიმდინარე პროცესებს აფასებს. მიაჩნია, რომ რასმუსენის განცხადება ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
,,ის რომ საქართველო შეიძლება გახდეს ნატოს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ეს არის ნატო-ს მხრიდან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი და განცხადება. საქართველოში უნდა დაიწყოს ამ საკითხზე დისკუსია. უნდა ვიმსჯელოთ იქნება თუ არა იმისი შესაძლებლობა რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი.
ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა დაიწყოს ფიქრი. საქართველო ყველანაირად უნდა ეცადოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს მუხლი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ გავრცელდება მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის“.
შარვაშიძე ყურადღებას ამახვილებს რუსულ ნარატივზე და აცხადებს, რომ მოსახლეობამდე აღნიშნული ინფორმაცია უნდა მივიდეს სწორად.
,,რუსული პროპაგანდა ცდილობს, რომ ეს პროცესები წარმოაჩინოს ისე, თითქოს საქართველო კარგავს ტერიტორიებს ნატოში გაწევრიანების ხარჯზე. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ მოსახლეობამდე ინფორმაცია მიიტანოს სწორად და მარტივად რათა არ მოვექცეთ რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ.“
NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-ს წევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეც გავრცელდა:
,,ჩვენ გვაქვს პრეცედენტი – გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. გერმანია NATO-ს შეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი – NATO-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, NATO-ს წესები აღმოსავლეთზეც გავრცელდა. პრინციპში, მსგავსი შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს”.
ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივნის განცხადებით, საკითხი უნდა განიხილოს საქართველომ, შემდეგ კი, ნატო-მ.
„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება. წინააღდგეგ წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დე ფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“, – განმარტავს ანდერს ფოგ რასმუსენი.