ახალი ამბებივიდეორეპორტაჟისტატიები

ახალგაზრდებმა თელავის მერიას და საკრებულოს ინიციატივები წარუდგინეს

,,არაფორმალური განათლების ცენტრის და სოფლებში ახალგაზრდული სივრცეების შექმნა, ახალგაზრდებისთვის პროფესიული ტურების განხორციელება, დასაქმების ხელშეწყობა, ახალშობილთა სკვერის მოწყობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებების კვლევა’’,- ეს ის საკითხებია, რომელიც ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ,,სამოქალაქო მოძრაობის“ დახმარებით მერიას და საკრებულოს წარუდგინეს.

 

ახალგაზრდებმა თითოეული ინიციატივის,მასთან დაკავშირებული პრობლემების, გამოწვევების და მოგვარების გზების შესახებ საკუთარი ხედვა ადგილობრივი თვითმართელობის წარმომადგენლებს გააცნეს და მისი 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინება მოითხოვეს.

,,სამოქალაქო მოძრაობის’’ თელავის ოფისის წარმომადგენელი, არჩილ მჭედლიშვილი განმარტავს, რომ მათ ახალგაზრდებთან ერთად შეარჩიეს ისეთი საკითხები, რომელიც პრიორიტეტულია და მისი მოგვარება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია.

,,ახალგაზრდებთან ერთად მოვამზადეთ 6 წინადადება, რომელიც გვინდა ბიუჯეტში აისახოს. გვქონდა მოსამზადებელი მსჯელობა თვითმმართველობასთან ერთად და განვიხილეთ თითოეული ინიციატივის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

აღნიშნულ ინიციატივებს მალე ოფიციალურად მერიას მივაწვდით და აქტიურად ვიქნებით ჩართული მისი განხილვის და საბოლოოდ მიღების პროცესში. დაველოდებით შედეგს და იმედი გვაქვს, რომ ეს წინადადებები ყველა თუ არა ნაწილი მაინც აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში’’,- განუცხადა knews.ge-ს ,,სამოქალაქო მოძრაობის“ თელავის ოფისის წარმომადგენელმა არჩილ მჭედლიშვილმა.

მოსწავლის, თამთა ყარაულაშვილის განმარტებით, მისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაა, რაც ახალგაზრდებს ხელს უშლის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობაში.

,,წარვადგინე მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროების კვლევის შესახებ ინიციატივა, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტში კარგი იქნება იყოს გათვალისწინებული. მე სოფელში ვცხოვრობ, იქიდან დავდივარ და თელავში საღამოს ღონისძიებებზე ვერ ვახერხებ დასწრებას.

თუ ვრჩები, შემდეგ ფეხით მიწევს სახლში წასვლა, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის და ტაქსით გადაადგილება ძვირია. კარგი იქნება თუ ეს პრობლემა მოგვარდება’’,- განაცხადა თამთა ყარაულაშვილმა.

სკოლის მოსწავლეს, ანა ხეჩიაშვილს კი მიაჩნია, რომ ახალგაზრდების გააქტიურებისთვის აუცილებელია არაფორმალური განათლების ცენტრის ან სპეციალური სივრცის შექმნა, რომელიც მათ უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და თვითრეალიზებაში დაეხმარებათ.

,,ჩემი წინადადება იყო, რომ სოფლებში შეიქმნას არაფორმალური განათლების ცენტრები. ამას ნაკლებად ექცევა ყურადღება სკოლებში. არაფორმალური განათლების მიღება ახალგაზრდას დაეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში და სხვადასხვა საჭირო უნარების გამომუშავებაში’’,- განუცხადა Knews.ge-ს ანა ხეჩიაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ახალგაზრდების გააქტიურებას დადებითად აფასებენ. მათი თქმით, აუცილებელია თითოეული ინიციატივის დამუშავება და მის დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი აცხადებს, რომ უწყებამ დიდი ხანია დაიწყო ახალგაზრდული მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ამ კუთხით მეტი ინიციატივების განხორციელება დადებით შედეგს მოიტანს.

,,ახალგაზრდებმა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა წარმოადგინეს. ინიციატივები ეხებოდა საგანმანთლებლო პროგრამების განხორციელებას, ახალგაზრდებისთვის თავისუფალი სივრცეების შექმნას და სხვა.

ჩვენ ვართ პირველი მუნიციპალიტეტი, რომელმაც დაამტკიცა ახალგაზრდული სტრატეგიული დოკუმენტი, სადაც ამ საკითხებზეც ბევრი წერია.

გარკვეული ინიციატივების კუთხით ჩვენმა მუნიციპალიტეტმა შარშან დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა მცირე პროექტების სახით, თუმცა რაც უფრო მეტად გაიზრდება მეტ სიკეთეს მოიტანს.

რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტი პრობლემას, ყველა კულტურული, სამოქალაქო თუ სპორტული ღონისძიება რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, მსმენელის სიმცირეს იმით განიცდის. მუნიციპალური ტრანსპორტი რომ არ არის, მათ დარჩენა არ შეუძლიათ.

ვფიქრობ ეს არის გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც თუ დავძლევთ მეტი პერსპექტივები გადაიშლება როგორც ჩვენი მუშაობის, ასევე ახალგაზრდების გააქტიურების კუთხით’’,- განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გიგა მამუკელაშვილის განმარტებით, ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილ ინიციატივებში აქცენტები სწორად იყო დასმული. მისივე თქმით, ის საკრებულოში ახალგაზრდების მიერ წარდგენილ საკითხებს მხარს დაუჭერს.

,,იდეები მიმზიდველი იყო. ძალიან სწორად იყო დასმული აქცენტები და ახალგაზრდებმა კარგად წარმოაჩინეს ის პრობლემატიკა რაც აწუხებთ. ჯერ მიმართავენ მერიას, რომლიც ბიუჯეტის პროექტს გამოგზავნის საკრებულოში განსახილველად.

ჩვენ ვიმსჯელებთ და ვფიქრობთ დადებითად გადაწყდება მათ მიერ დასმული საკითხები და აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში’’,- განუცხადა Knews.ge-ს გიგა მამუკელაშვილმა.