ახალი ამბები

გურჯაანში თვითმმართველობის წარმომადგენლები ყურძნის ჩაბარებაში შექმნილი პრობლემების გამო მევენახეებს შეხვდნენ

გურჯაანის სამი სოფლის მოსახლეობას, რომელმაც სოფელ ზეგაანის ცენტრში დილით საპროტესტო აქცია გამართა და ყურძენზე ფასის გაზრდა და ქარხნების დროული გახსნა მოითხოვა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გურჯაანის მერიაში შეხვდნენ.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ესწრებოდა. მისი თქმით, ხელისუფლება ყურძნის ფასის რეგულირებაში ვერ ჩაერევა, რადგან ღირებულებას თავისუფალი ბაზარი თავად არეგულირებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა განმარტავს, რომ ამ დროისთვის 50-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო ღვინის კომპანია ყურძნის გადამუშავებას უკვე ახორციელებს.