ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში სამოქალაქო ჩართულობის პროექტი დაიწყო

ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა თელავში სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ მასტერკლასები გამართა.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ საზოგადოებისთვის ცნობილ ექსპერტებს და ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებასთან ერთად შეძლეს ჩაერთულიყვნენ დისკუსიებში აქტუალური თემების გარშემო, მიეღოთ მონაწილეობა დებატების წარმართვის და საჯარო გამოსვლების სიმულაციაში, ასევე, კონკრეტული პროექტების მომზადებაში.

ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძე აცხადებს რომ პროექტი გულისხმობს სამოქალაქო აქტივობის გაღრმავებას და ძირითადად არის გათვლილი ახალგაზრდებზე რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში და ჭირდებათ პლატფორმა თვითრეალიზებისა და გააქტიურებისთვის.

,,ეს არის საკმაოდ მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო აქტივობის გაღრმავებას და ძირითადად არის გათვლილი ახალგაზრდებზე რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში.

ახალგაზრდებს აქვთ სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა მაგრამ არ აქვთ შესაბამისი სირცხე იმისთვის, რომ თავიაანთი რესურსი გამოიყენონ. მათ ჭირდებათ პლატფორმა გააქტიურებისთვის.

რეალურად ეს პროექტი მიზნად ისახავს სწორედ ამას, რომ რეგიონებში იდენტიფიცირება მოახდინოს ასეთი ახალგაზრდების და მათ მისცეს შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა სახის სამოქალაქო პროექტში.

შემდეგ მათ შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ სხვადასხვა სახის ლიტერატურულ ბლოგებში, ღონისძიებებში, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, კონკურსებში და აშ.

ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის მთავარი მიზანიც ეს არის რეალურად.გვინდა მთლიანად კახეთის რეგიონი მოვიცვათ და აქტიური და დაინტერესეული ხალხი მოვძებნოთ, რომლებსაც მერე შესაძლებლობას მივცემთ, რომ სხვადასხვა სახით თვითრეალიზება მოხადინონ’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო კალანდაძემ.

ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში შერჩეულმა მონაწილეებმა გაიარეს სხვადასხვა მასტერკლასები მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

,,მონაწილეები გაეცნენ და ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები.

ასევე საუბარი შეეხო შემდეგ მიმართულებებს: რატომ დასავლეთი? – ღირებულებები, ვალდებულებები/პასუხისმგებლობები და ისტორიული პერსპექტივა, გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ცვალებადი გამოწვევები, ევროკავშირი, დემოკრატიული ინსტიტუტები და მდგრადი განვითარება, ეკონომიკური პოლიტიკა, მედიაფსიქოლოგია, ინფორმაციული წიგნიერება, სამოქალაქო განათლება და კულტურა და იდენტობა.

სამოქალაქო განათლება არის ჩვენი ძირითადი მიმათულება და გვინდა ერთიანად მოვიცვათ ჩვენი საზოგადოება. დღეს გვაკლია სამოქალაქო აქტიურობა, ჩართულობა და ჩვენ გვინდა ამ პროექტის ფარგლებში ერთად ვისაუბროთ იმაზე თუ რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა წავიდეს წინ’’,- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.