როგორია რთველი 2019 და რა პრობლემების წინაშე დგანან მევენახეები

რთველი 2019 პრობლემების ფონზე მიმდინარეობს. მევენახეები ყურძნის დაბალ ფასზე საუბრობენ და შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას და დახმარებას სთხოვენ.

ამ დროისთვის რქაწითელის ჯიშის ყურძენი აქტიურად ყვარელში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში იკრიფება. გურჯაანში კი მოსავალს მხოლოდ ერთ ქარხანასა და მარანში იბარებენ.

კახელი მევენახეები ერთ კილოგრამ ყურძენზე ფასის გაზრდის მიზნით, მთავრობას კომპანიებთან შუამდგომლობას სთხოვენ.

,,ვითხოვთ, მთავრობამ შუამდგომლიბა გაგვიწიოს ქარხნებთან. რქაწითელის ჯიშის კარგი ყურძენი 70 თეთრის ნაცვლად, მინიმუმ 1 ლარად ჩაიბარონ, ხოლო საფერავის ყურძენზე შარშანდელი ფასი, არანაკლებ 3 ლარი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში მასობრივ საპროტესტო აქციებს დავიწყებთ’’,- აცხადებენ მევენახეები.

მევენახეების თქმით, ყურძნის მოსავალი წელს გვალვამ ხოლო შემდეგ სტიქიამ დააზიანა. მათივე განმარტებით, ყურძნის დაბალი ფასის გამო ვენახის მოვლისთვის დახარჯულ თანხას ვერ აინაზღაურებენ.

,,ყოველ წელს არის რთვლის დროს პრობლემები, დიდი რიგები და ყურძენზე დაბალი ფასი. შარშან 4 ტონა ყურძნის მოსავალი მივიღე და ორი დღე ვიდექი რიგში. ამის გამო ყურძენს წვენი გასდის და წონაშიც იკლებს. ისედაც გვალვამ დააზიანა ვენახები და შემდეგ სეტყვამ, მოსავალიც განახევრდა. გარდა ამისა, გაძვირდა აგროქიმიკატები და მუშახელი. მთავრობა ამბობს ჩვენ ვერ ჩავერევით ფასის საკითხშიო, არადა მათი აქტიურობაა მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს შეთანხმება ყველა მხარესთან და მისაღები ფასი იყოს ყურძენზე ჩვენთვის. ეს თუ არ მოხდა, ყურძნის მოყვანას აზრი აღარ ექნება, რადგან მოგებას კი არა დახარჯულ თანხას ვერ ვინაზღაურებთ’’,-განუცხადა Knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა მევენახემ გელა შიშმანაშვილმა.

რთვლის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის რქაწითელის ფასი 70 თეთრია, სხვა თეთრ ყურძენზე კი მაგალითად კახურ მწვანეზე შედარებით მაღალი 80-90 თეთრია, ქისის ჯიშის ყურძნის ფასი კი უფრო ძვირი. შტაბის ინფორმაციით, ყურძნის ფასებს მოთხოვნა და ბაზარი განაპირობებს.

როგორც knews.ge -ს რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბში განუცხადეს, რთვლის პროცესი შეუფერხებლად, ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყურძენს 15-მდე საწარმო იბარებს, რომელიც ყვარლის, თელავის სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს.

,,წლევანდელი რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ორი დღეა წვიმებია, წინა დღეებთან შედარებით ყურძნის გადამუშავების ტემპებმა იკლო. ახლა რთველი აქტიურ ფაზაში შედის და როგორც გამოიდარებს, დაიწყება ყურძნის კრეფა მევენახეების მიერ. ჩვენ მობილიზებულები ვართ, რომ არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი. 

ამ დროისთვის რთვლის პროცესში სულ 68 კომპანიაა ჩართული, საიდანაც ზოგმა უკვე მიიღო ყურძნის საკმარისი მარაგი. გარდა ამისა, მოსავლის ჩაბარება ხდება სახელმწიფო საწარმოებშიც. ამ დროისთვის 17 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული კახეთის რეგიონში’’,- განუცხადეს knews.ge-ს რთვლის საკოორდინაციო შტაბში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რამაც, შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა რთველმა წარმატებით ჩაიაროს და მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასს სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს.

„ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დაგროვდა. გასულ წელს, მეწარმეებმა და მევენახეებმა, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, შეძლეს შეთანხმებების მიღწევა და რთველის შეუფერხებლად ჩატარება. გასული წლის მსგავსად, ჩასაბარებელი ყურძნის ფასს სახელმწიფო ვერც წელს დაარეგულირებს და 2019 წლის რთველი სუბსიდირების გარეშე მიმდინარეობს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *