ახალი ამბებითვითმმართველობასტატიები

 რა შესაძლებლობებს მისცემს სიღნაღის მუნიციპალიტეტს სამოქალაქო ბიუჯეტის შემუშავება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ სამოქალაქო ბიუჯეტის შემუშავების მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა. კონკურსის წესით შერჩეული ზონის კოორდინატორები მოსახლეობას შეხვდნენ, ინიციატივასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში, რის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები.

როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სამ ზონად დაიყო, რომელსაც თავისი კოორდინატორები ყავს.  

,,პირველი ზონა მოიცავს ქალაქ სიღნაღს, ნუკრიანს, მაღაროს, ბოდბეს და ილიაწმინდას.  მეორე ზონა – ქალაქ წნორს, საქობოს, ვაქირს და ანაგას. მესამე კი ბოდბისხვს, ჯუგაანს, ტიბაანს, ძველ ანაგას და მაჩხაანს.

თითოეულ ზონას ყავს ერთი კოორდინატორი, რომლის ძირითადი მოვალეობაა პროექტის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობა, მოქალაქეების დახმარება განაცხადის შევსებაში, საჯარო შეხვედრების მოწყობა. კანდიდატები კონკურსის წესით შეირჩნენ” – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სპეციალურად შექმნილი სამოქალაქო საბჭოს სხდომა გაიმართაა. საბჭოს წევრებმა ამ დროისთვის მერიაში შესული 30-მდე პროექტი განიხილეს, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ეხება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის, მადონა ბატიაშვილის განმარტებით, საპროექტო წინადადებების წარდგენა მსურველებს 16 აგვისტომდე შეეძლებათ.

,,16 აგვისტომდე ველოდებით საპროექტო განაცხადების მიღებას. რომ შემოვა განაცხადები და პროექტები, მერე მოხდება მათი გადარჩევა. სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და მნიშვნელოვანია, რომ სიღნაღში ხდება მისი განხორციელება.

ჩვენ ამ პროექტში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლიდარობის ფონდის ხელშეწყობით ჩავერთეთ. 

რაც ყველაზე მთავარია- სიახლეა და საპილოტე პროექტია. თვითმმართველობა მოქალაქეებს ვაძლევთ საშუალებას მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში.

სწორედ სამოქალაქო ბიუჯეტის არსიდან გამომდინარე, მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები. 166 000 ლარია გამოყოფილი თითო ზონაზე, სულ სამი ზონა გვაქვს და თითოეულ დასახლებას საშუალება აქვს თავად გადაწყვიტონ და დაგეგმონ რა გაკეთდეს’’,- განუცხადა Knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.

აღნიშნულ პროცესში გარდა თვითმმართველობის წარმომადგენლებისა,  ჩართული არიან სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სათემო ორგანიზაცია ,,ნუკრიანის” გამგეობის თავმჯდომარე, პირველი ზონის კოორდინატორი მაია ბიძინაშვილი განმარტავს, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება ხელს უწყობს მოქალაქეების ინფორმირებას და ჩართულობის გაზრდას.

,,სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი რომაა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მოქალაქეებამდე ამ სიახლის სწორად მიტანას, მე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და სწორედ ამიტომ ჩავერთე ამ პროცესებში.

ის, რომ  მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში, ამის თქმა მოქალაქეებისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. ხალხს ეს ვერ წარმოუდგენია, რადგან მიჩვეულები არიან ზემოდან ქვემოთ დაგეგემვას. ამიტომ გვჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ მათ ირწმუნონ ასეთი თანამშრომლობის. გარდა ამისა, ახალი ცოდნაც შეგვაქვს სოფლებში.

ეს არის მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსება და მისი  წარმოდგენა. ამ პროცესში უფრო აქტიურად ახალგაზრდები ერთვებიან. მათ ძალიან უნდათ, რომ სოფელში ქონდეთ ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, კულტურული სივრცეები, განათებული და მოვლილი უბნები. ამაში ჭირდებათ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების დახმარება და მათ ჩვენი იმედი ნამდვილად აქვთ. 

ეს პროცესი რთულია, მაგრამ საინტერესო. მერიის წარმომადგენლების მხრიდან მე დავინახე სრული მზაობა პროცესის სრულყოფილად ჩატარების. ყველა ერთად, ეხლა ვსწავლობთ ამ სიახლეებს და გვინდა, რომ შედეგზე ვიყოთ ორიენტირებულები’’,- განუცხადა knews.ge-ს მაია ბიძინაშვილმა. 

ადგილობრივები განმარტავენ, რომ მსგავსი შეხვედრები სოფლებში მოსახლეობასთან, სადაც არსებულ პრობლემებზე, მისი მოგვარების გზებზე და სიახლეებზე იქნება საუბარი მნიშვნელოვანია.

,,ძალიან კარგია ადგილზე რომ მოდიან, გვეკითხებიან რა პრობლემა გვაქვს, გვაწვდიან ინფორმაციას როგორ მივაწოდოთ ჩვენი ხმა თვითმმართველობას და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის.

ვფიქრობთ ეს კარგ შედეგს გამოიღებს. რაც ყველაზე მთავარია, თვითმმართველობასთან ერთად ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან ჩართული, რაც მეტ იმედს და სტიმულს გვაძლევს რომ გავაქტიურდეთ და მოვითხოვოთ პრობლემური საკითხების მოგვარება.რაც მთავარია ’’,– აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები.