ახალი ამბები

საარჩევნო კომისიებში ოპოზიციას მმართველ პარტიასთან შედარებით მეტი ადგილი ექნება

მმართველმა პარტიამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტი წარადგინა.
ცვლილებათა პროექტის პრეზენტაცია პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, საარჩევნო კომისიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 13 წევრისგან დაკომპლექტდება, სადაც მეტი წევრი ოპოზიციას ეყოლება.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე, ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას, მმართველ პარტიასთან შედარებით, გარანტირებულად მეტი ადგილი ექნება კომისიებში,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამჟამად მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 11 წევრისაგან. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 6 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.  12 წევრისგან შედგება საარჩევნო კომისიები ყველა დონეზე.