ახალი ამბები

დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართავს

დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა, მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც გაეგზავნება.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი შეთავაზებაა საჯარო შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით სადელიმიტაციო კომისიასთან, ასევე საკითხთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული ხედვის პრეზენტაცია.

„საზოგადოებრივი ჯგუფი მიმართავს საქართველოს მთავრობას და დელიმიტაციის კომისიის ქართულ მხარეს შემდეგ საკითხებზე:

სახელმწიფო დელიმიტაციის კომისიამ გაგვაცნოს მიმდინარე მოლაპარაკებების საბაზისო დებულებები და დაადასტუროს, რომ საქართველოს პოზიცია დამყარებულია 1996 წლის დელიმიტაციის კომისიის პირველ ოქმში დაფიქსირებულ ჩანაწერზე, სადაც საზღვრის დადგენის საბაზისო რუკად მიღებულია 1938 წლის რუკა, რაც ასევე დადასტურებულია აზერბაიჯანის ოფიციალური ხელმოწერით და სახელმწიფო ბეჭდით.

უმოკლეს ვადებში მოხდეს საჯარო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების გაფართოებულ შემადგენლობასთან, ვინაიდან საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და არსებული ინფორმაციული ვაკუუმი ამ პრობლემასთან დაკავშირებით იწვევს საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას და მიმდინარე მოვლენების სხვადასხვა ინტერპრეტაციას.

ასევე გვსურს ამავე შეხვედრაზე წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ექსპერტების მიერ უკვე შემუშავებულ კონცეფციას.

ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა და განხილვა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას, მოსახლეობის სწორ ინფორმირებას და პრობლემის მოგვარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას მთავრობისათვის,“ – ამბობს დავით ქაცარავა.