ფერმერების მიერ დაუდევრობით გაჩენილი ხანძრები და მისი შედეგები

გასულ კვირას შირაქის და ალაზნის ველები ცეცხლის ალში იყო გახვეული. ფერმერების მიერ მიწის გასუფთავების მიზნით განგებ გაჩენილ ხანძარი რამდენიმე ათეულ ჰექტარზე იყო გავრცელებული, რამაც როგორც მიწა, ასევე ქარსაფარი ზოლი და ფრინველები გაანადგურა.
სპეციალისტები ამ მიმართულებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ მიწის გასუფთავების მიზნით ანთებულ ცეცხლს ფერმერები ვეღარ აკონტროლებენ, რასაც მძიმე შედეგი მოსდევს, რადგან ქარსაფარი ზოლების განადგურების გარდა, იხოცება გარეული ცხოველი და ფრინველი.
,,ფერმერები მასობრივად წვავენ მიწის ნაკვეთებში ხორბლისა და ქერის აღების შედეგად დარჩენილ თივას. ხანძარს განგებ, მიზანმიმართულად აჩენენ და ამას იმისთვის აკეთებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები შემდგომი დამუშავებისთვის გაასუფთაონ.
ისინი ფიქრობენ, რომ მავნებელ მწერს და ქვეწარმავალს გაანადგურებენ, ეს შეიძლება მასეა, მაგრამ იქ ასევე არიან სასარგებლო მწერები, რომლებიც ასევე იღუპებიან. მიწის ნაკვეთები ასეთი ნარჩენებისგან მექანიზაციით უნდა იწმინდებოდეს. უნდა მოხდეს მისი დადისკვა ან ტერიტორიიდან გატანა, თუმცა რადგან ეს პროცედურა დამატებითი ხარჯების გაღებას მოითხოვს, გლეხები მარტივ, მაგრამ უკანონო და, ამავდრულად, საშიშ გზას ირჩევენ.
ასევე შესაძლებელია ნარჩენების დატოვებაც, რომელიც მიწისთვის სასუქია და თუ ჩაფქვავენ ნამჯას და იქ ჩალპება, უკეთეს შემოსავალს მიიღებენ’’,- აცხადებს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამირან კოდიაშვილი.
დარგის სპეციალისტების თქმითვე, ქარსაფარი ზოლების განადგურება გაუდაბნოების პროცესსაც ამწვავებს, რომლის წინაშეც დედოფლისწყარო დგას.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირინე ფხოველიშვილი განმარტავს, რომ დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ნაწილი გაუდაბნოების ზონაშია. მისივე თქმით, ნიადაგის გადაწვით და ქარსაფარი ზოლების განადგურებით აღნიშნული პრობლემები უფრო მწვავდება.
,,არამარტო დედოფლისწყაროში, ეს პრობლემა ზოგადად დგას. ეს განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც ერთწლიანი მარცვლოვანი კულტურების მოყვანა ხდება. ფერმერები ნამჯის გადაწვის მიზნით აჩენენ ცეცხლს. ეს დაუშვებელია, რადგან ვერ ხდება ცეცხლის გაკონტროლება და ფართო მასშტაბს იღებს.
გარდა ამისა, ასევე თავის საკუთრებასაც აყენებენ ზიანს. გადაწვის დროს ხდება ნიადაგის სტრუქტურის დაშლა. ან უნდა შეგროვდეს ნამჯა და გამოტანილი იყოს ადგილიდან, ან უნდა ჩავიდეს მიწაში რადგან ის ორგანული სასუქია და მოსავლისთვის კარგია.
აღნიშნული პრაქტიკა სამწუხაროდ კომუნისტების დროიდან მოდის და დღემდე გრძელდება. ამას შემდეგ ბევრი პრობლემა მოსდევს. გასულ წლებში ამ ფაქტს დედოფლისწყაროსა და სიღნაღში საძოვრების გადაწვაც მოყვა. გარდა ამისა, მცირედ შემორჩენილი ქარსაფარი ზოლებიც იწვება და ეს ძალიან ცუდია’’,- განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.
ირინე ფხოველიშვილის თქმით, რა შედეგებს იწვევს მიწის გადაწვა, ამაზე ფერმერების უმეტესობა ინფორმაციას არ ფლობს.
,,ეს პრობლემა არის ცოდნის, ინფორმაციის და თვითშეგნების ნაკლებობის ბრალი. ამისთვის ბრძოლაა საჭირო. დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს ნაწილი ისედაც გლობალური დათბობის გამო გაუდაბნოების ზონაში შედის, მიწის გადაწვით კი ვამწვავებთ ამ პრობლემას, ვაფუჭებთ ნიადაგის სტრუქტურას და ვაბინძურებთ ჰაერს.
ამიტომ აუცილებელია თვითშეგნების ამაღლება. საბოლოოდ კი ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. ნამჯის გამოტანასაც გარკვეული ფინანსები სჭირდება მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი საქმის გაკეთებით ათი გაფუჭდეს.’’
კანონი, რომელიც ნარჩენების დაწვას და ამ გზით ზიანის მიყენებას კრძალავს. კანონდარღვევის შემთხვევაში დაწესებულია 500-ლარიანი ჯარიმაც, თუმცა, როგორც ირკვევა, კანონში პირდაპირ არ წერია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პირი მინდვრებს მიზანმიმართულად გადაწვავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ იგეგმება არსებული რეგულაციების გამკაცრება.
,,მოხდება ჯარიმების გაზრდა, ხოლო ფერმერებს ქარსაფარი ზოლების მოვლა-პატრონობის ვალდებულება დაეკისრებათ.
ამასთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს ადგილზე განახორციელებს’’, განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, ინტერნეტში, სპეციალურ ვებსაიტზე, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სახელზე შექმნილია ორი პეტიცია.

ერთ შემთხვევაში მოთხოვნაა, სანქციები გამკაცრდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებში ხანძრების განზრახ გაჩენისთვის, მეორე პეტიციით კი მოითხოვენ დაჩქარდეს კანონის მიღება ქარსაფარი ზოლების შესახებ, რაც მათ განადგურებას ასევე დასჯადს გახდის.

ფოტო: ამირან კოდიაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *