ახალი ამბები

პრეზიდენტმა კახეთში ადგილობრივ ხელისუფლებასთან რეგიონის პოტენციალსა და გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კახეთის რეგიონში სტუმრობის ფარგლებში, სიღნაღში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

თვითმმართველობების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს. 
შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილი ასევე კახეთის რეგიონში ტურისტული სეზონის მიმდინარეობით დაინტერესდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ტურისტული ნაკადი არ შენელებულა.

შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა კახეთში არსებულ სასმელი წყლის პრობლემებზე ისაუბრა.
,,კახეთში კვლავ სასმელი წყლის პრობლემაა და მისი მოგვარება დღის წესრიგშია, დედოფლისწყაროში ეს პრობლემა უფრო მძაფრად დგას”,– განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მეტი პროექტების განხორციელება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

,,დავათვალიერე ნუშის ახალი პლანტაციები უდაბნოში, სივრცეში, რომელიც მართლა უდაბნო იყო აქამდე, ასევე ლავანდასა და ზეთისხილის პლანტაციები. ეს არის ის ახალი სახეობები, რომელიც გაშენდა კახეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრადიციული სახეობების გარდა, მიმდინარეობს დივერსიფიკაცია და ახალი სახეობების გაშენება, რაც რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა რეგიონში დასაქმების საკითხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კახეთში როგორც კვალიფიციური ისევე არაკვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა ყველა სექტორში.

,, ყურძნისა და ატმის მოსავლის აღებისას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოჰყავთ ადამიანები დღეში 45 ლარად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების მიმართულებით”,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან კახეთის რეგიონის მოსახლეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.