ახალი ამბები

სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თელავის რაიონულ სასამართლოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

სხდომაზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძის ადვოკატი მტკიცებულებების ბათილად ცნობას და დაკავებულის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის, გილერი ენდელაძის განცხადებით, საქმის მასალებში ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ არც ერთი დასაბუთებული მტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატი საქმის შეწყბეტას ითხოვს.

გილერი ენდელაძე, რომელიც ომარ გამყრელიძის შვილიშვილის ინტერესებსაც იცავს, აცხადებს რომ უმცროს ომარ გამყრელიძეს გამოძიება საბრძოლო მასალის შენახვას ედავება, თუმცა ექსპერტიზამ დადგინა, რომ საბრძოლო მასალაზე მისი არც დნმ-ი და არც თითის ანაბეჭდები არ არის აღმოჩენილი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ცოლის, შვილის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას აღარ ედავებიან.

როგორც გამყრელიძის ადვოკატმა, გილერი ენდელაძემ განაცხადა, ბრალი დაზუსტდა და ახლა უკვე ომარ გამყრელიძეს გამოძიება არა მკვლელობაა, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება.

სოფელ ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. მაშინ 85 წლის ომარ გამყრელიძეს შვილის, რძლის და ორი ნათესავის მოკვლა ედებოდა ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, მან ასევე 76 წლის მეუღლეს თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ერთი კვირის წინ გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ერთ-ერთ შვილს, ნოდარ გამყრელიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შვილიშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი