ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ლაგოდეხში ბლუზის ფესტივალს ამერიკელი ბლუზ მუსიკოსი კრის კეინი გახსნის

ლაგოდეხში ბლუზის ფესტივალი დაიწყო. ფესტივალს საღამოს ამერიკელი, თანამედროვე ბლუზის ეპოქის ვარსკვლავი, 2018 წლის საუკეთესო ბლუზ გიტარისტის ტიტულის მფლობელი ბლუზ მუსიკოსი კრის კეინი გახსნის.
ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის არტ დირექტორი და მოსკოვის ბლუზის მეფედ აღიარებული ბლუზის თანამედროვე ლეგენდა გია ძაგნიძე და Dr. IKA – ინგლისში მოღვაწე და ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტალისტად აღიარებული ბლუზის მუსიკოსი ირაკლი კიკვაძე, რომლის დამსახურებითაც საქართველომ მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა მსოფლიო ბლუზის ისტორიაში.
,,რამდენიმე წელია ლაგოდეხში ტარდება ბლუზის ფესტივალი და ეს მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნლოვანია. ამ დროს ლაგოდეხში ბევრი ტურისტი ჩამოდის როგორც ადგილობრივი ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ეს ხელს უწყობს პოპულარიზაციას. თვითმმართველობა ამ პროცესში მაქსიმალურად ვართ ჩართული და ვეხმარებით ორგანიზატორებს. გასული წლების მსგავსად, წელსაც იმედი გვაქვს ფესტივალი წარმატებით ჩატარდება’’,- განუცხადა knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი, გიორგი ედიშერაშვილი კი ბლუზის მოყვარულებს სახლს უსასყიდლოდ დაუთმობს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბლუზის მოყვარულებს დასარჩენი ადგილი არ ექნებათ, შეუძლიათ ღამე მის სახლში გაათენონ.
,,ლაგოდეხში ბლუზის ფესტივალის ჩატარება ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ტურისტები, რომ მოუსმინონ ევროპის და ამერიკის წამყვანი მუსიკოსების ხარისხიან და გემოვნებიან მუსიკას.
იმ შემთხვევაში, თუ ბლუზის მოყვარულებს არ აქვთ საშუალება დარჩნენ ლაგოდეხში, მე მათ ვთავაზობ სახლს. მოვიდნენ, დარჩნენ და მიიღონ სიამოვნება ხარისხიანი მუსიკის მოსმენით და ჩვენი მთავარი საგანძურით ლაგოდეხის ნაკრძალით’’,- განაცხადა გიორგი ედიშერაშვილმა.
საერთაშორისო ბლუზ-ფესტივალი კომპანია Blues Village-ის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი