ახალი ამბებივიდეორეპორტაჟისტატიები

ლაგოდეხში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

კახეთში ტურისტების რაოდენობა ყოველ სეზონზე საგრძნობლად იზრდება. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთიდან ფრენების შეჩერების მიუხედავად ტურისტების რიცხვი არ არის შემცირებული. პირიქით, გასულ წელთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა.

სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სულამანიძეს ინფორმაციით, სეზონზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების რიცხვი 5% -ით არის გაზრდილი. მისივე თქმით, გაზრდილია ტურისტების რაოდენობა ევროპიდან, კერძოდ, გერმანიიდან.

,,წელს წინა წელთან შედარებით ტურისტების რიცხვის ზრდა ფიქსირდება. ტურისტების რაოდენობა გაიზარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე ჩეხეთიდან და გერმანიიდან გვყავს საკმაოდ ბევრი ტურისტი. ამ პერიოდისთვის დაახლოებით 5%-იანი ზრდა გვაქვს.

მზად ვართ მეტი ტურისტი მივიღოთ: ბილიკები გაწმენდილი და მონიშნულია, მოწყობილია ინფრასტრუქტურა და საუკეთესო პირობებია იმისთვის, რომ იმოგზაუროს ყველა მსურველმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მზად არის ტურისტებისთვის. წელს უკვე 30 საოჯახო და დიდი სასტუმროა მომზადებული სეზონისთვის და თუ წინასწარ არ დაჯავშნა მსურველმა, განსაკუთრებით დასვენების დღეებში, ადგილების პონვა ჭირს. მნიშვნელოვანია, რომ ლაგოდეხი ყოველწლიურად ავითარებს სერვისებს და მეტ ტურისტს იღებს’’,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.

ტურისტების რიცხვის ზრდაზე საუბრობს სასტუმროს „ვალდ ჰოტელ ლაგოდეხი“ მფლობელი ვალერიან კერესელიძე. მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია ტურისტების რიცხვი გერმანიიდან.

,,სასტუმრო 2016 წელს გავხსენით. გვაქვს 9 ოთახი, როგორც ორ ადგილიანი, ასევე სამ ადგილიანი. სასტუმრო, კაფეტერია და ერთი ნომერი შშმ პირებისთვის გვაქვს დაპტირებული. გასულ წლებთან შედარებით ტურისტების რიცხვი გაზრდილია. ძირითადად დამსვენებლები ჩვენთან გერმანიდან გვსტუმრობენ.

ჩვენთან მოსულ ტურისტს ვთავზობთ ერთდღიან და ორდღიან ტურებს როგორც ლაგოდეხის დაცულ ტერიტოტიებზე, ასევე რეგიონში მდებარე ტურისტულ ადგილებზე. გარდა ამისა, გვაქვს აუზი, ბავშვებისთვის გასართობი სივრცე, ბილიარდის ოთახი, ასვეე ლანჩპაკეტების, ღვინის დეგუსტაციის სერვისი.

ტურისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული კერძების მომზადებაში, ჩურჩხელების ამოვლებაში, თონეში პურის ცხობასა და არყის მომზადებაში. ტრადიციული და ევროპული კერძების დაგემოვნებას და სხვა’’,– განუცხადა knews.ge-ს ვალერიან კერესელიძემ.

ტურისტების რიცხვის ზრდის პარალელურად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასტუმროების და მარნების მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობა დაწყებულია და მომავალ წელს გაიხსნება სოფელ მაწიმში ღვინის მარანი და ტერასა შატო ,,ყირამალა“.

სასტუმროს მფლობელი, ზურაბ მუმლაძე განმარტავს, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე აშენდება კოტეჯები, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და გაიხსნება კომპლექსთან მდებარე ტბა, მოეწყობა ქვევრის ფორმის აუზი და სხვადასხვა სივრცეები.

ზურაბ მუმლაძე ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის კომპლექსით ტურისტების დაინტერესება დიდი იქნება, რადგან ლაგოდეხში მსგავსი ტიპის დაწესებულება არ ფუნქციონირებს.

,,იქიდან გამომდინარე, რომ ლაგოდეხს აქვს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი, გადავწყვიტეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება.  ევროკავშირის გრანტი მივიღეთ და აგრეთვე პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში’’ დაფინანსება. მათი დახმარებით დავიწყეთ სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა.

აქ მალე გაიხსნება შატო ,,ყირამალა’’. გვექნება კოტეჯები, სხვადასხვა სახის სივრცეები, ქვევრის ფორმის საცურაო აუზი და სხვა. ეს ინოვაციური პროექტია, რადგან მსგავსი კომპლექსი ლაგოდეხში არ არსებობს.’’

გერმანელი ტურისტი, უტა ფოგელი განმარტავს, რომ კახეთი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. მისი თქმით, მეგობრებთან ერთად კახეთის ტურისტული ადგილების მოსანახულებლად და ქართული სამზარეულოს და ღვინის დასაგემოვნებლად ჩამოვიდა.

,,ჩემმა ქალიშვილმა გაიგო საქართველოს შესახებ და მე და ჩემმა 9 მეგობარმა გადავწყვიტეთ ჩამოსვლა და საქართველოს დათვალიერება. დავიწყეთ კახეთიდან და აღფრთოვანებულები ვართ.

აქ მოვედით, რომ დავაგემოვნოთ ქართული ღვინო და კერძები. ჩვენი მეგობრების ნაწილი  ერთდღიან ტურში ლაგოდეხის ნაკრძალში ჩანჩქერის მოსანახულებლად იმყოფება, ნაწილი კი საცხენოსნო ტურით სხვადასხვა ადგილების სანახავად. მოგვწონს ყველაფერი და აუცილებლად დავბრუნდებით.’’

ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი