ახალი ამბებისტატიები

გურჯაანში მცხოვრები იზა გაბიტაშვილი 400-მდე სახის ყვავილს ამრავლებს

გურჯაანში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოყვარული მებაღე იზა გაბიტაშვილი ცხოვრობს. სახლს გარედანაც ეტყობა, რომ დიასახლისი ყვავილებზეა შეყვარებული.

იზა პალმის ხეებს, ვარდებს და 400-მდე სახის ყვავილს ამრავლებს.

იზა გაბიტაშვილის ბაღს 60 წლის პალმები ამშვენებს. მებაღემ ყვავილების მოვლა და ეზოს დიზაინის მოწყობა ინტერნეტით ისწავლა.

იგი ამბობს, რომ მებაღეობა რთული, შრომატევადი, თუმცა მისთვის სასიამოვნო საქმეა.

,,10 წელია, რაც ამ ბაღს ვაშენებ. თავიდან რომ ვიყიდე ეს ბინა, აქ არაფერი არ იყო. თავიდანვე დავისახე მიზნად, გამეშენებინა ლამაზი ბაღი. ყვავილები ბავშვობიდან მიყვარდა. ოცნების ახდენა მხოლოდ მაშინ შევძელი, როცა დიდეზოიანი სახლი ვიყიდე.

ყვავილების გამრავლება და მოვლა ინტერნეტის და მეგობრების დახმარებით შევისწავლე. სახლში ყველაფერზე ეკონომიას ვაკეთებ და დაზოგილი ფულით ვყიდულობ ყვავილებს’’,- განუცხადა knews.ge-ს იზა გაბიტაშვილმა.

მებაღე ქალბატონის საქმე დილით, მზის ამოსვლისთანავე იწყება. მან ბაღისთვის დეკორაცია და გაფორმებაც თავად შეარჩია და საკუთარი ხელით შექმნა.

,,ეზოს დიზაინი მე გავაკეთე ჩემი გემოვნებით, არავინ დამხმარებია. ეზოს დიზაინის გაკეთება თავად ვისწავლე, ვცადე და ყველაფერი გამომივიდა.

შექმნილი მაქვს სხვადასხვა სახის დეკორაცია ქვებისგან აწყობილი დიდი კალათები, სხვადასხვა ფორმის დეკორატიული ნივთი და სხვა.’’

იზა გაბიტაშვილის ეზოს სანახავად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დამთვალიერებლები და დამწყები მებაღეები ჩამოდიან და იღებენ რჩევებს, რომელიც შემდეგ საქმიანობის დასაწყებად ეხმარებათ.

,,მოდიან მნახველები და ნახულობენ ბაღს, ინტერესდებიან ეზოს დიზაინით და ძნელად იჯერებენ, რომ ეს ყველაფერი მე, მოყვარულმა მებაღემ გავაკეთე ჩემი ხელით.

ყოველდღიურად ვმუშაობ და ვალამაზებ ეზოს. ხშირად მოდიან ასევე დამწყები მებაღეები და ყვავილების მოყვარულები, მე მათ ჩემს ცოდნას ვუზიარებ და ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს და სტიმულს მაძლევს’’,- აღნიშნა გაბიტაშვილმა.

იზა გაბიტაშვილი სამომავლოდ სხვადასხვა ვარდის ჯიშის გამრავლებასაც გეგმავს.