ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

თელავში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ნულოვან ბარიერზე და საარჩევნო კანონდებლობის ცვლილებაზე იმსჯელეს.

შეხვედრას რომელიც თელავის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა, მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ სიახლეებზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. 

ღონისძიების ორგანიზატორი, თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე იღებს, მნიშვნელოვანია.

,,რამდენიმე კვირის წინ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მთავარ მოთხოვნას – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით, საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია “ქართულმა ოცნება” დათანხმდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ გაუქმდეს არსებული შერეული მაჟორიტარული-პროპორციული სისტემა და უახლოესი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს, თუმცა, აქვს დათქმა – უნდა გაუქმდეს საარჩევნო ბარიერი.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ რას ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება საქართველოს პარლამენტისთვის, რას ცვლის აღნიშნული საკითხი მოსახლეობისთვის, რა ნაკლოვანებები და უპირატესობები აქვს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელს და რას ნიშნავს საარჩევნო ბარიერის გაუქმება საპარლამენტო არჩევნებისათვის’‘,- განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.