ახალი ამბები

პირველად საქართველოში დუალურ პროფესიულ განათლებაში საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა

2019 წლის 10-11 ივლისს, საქართველოში პირველად გაიმართა დუალური პროფესიული განათლების პროგრამის ,,მევენახე-მეღვინე’’ სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდა.

დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 2016 წლის შემოდგომიდან ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ორ სახელმწიფო კოლეჯში – სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი და სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი აისი. პროგრამის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი შემუშავება-განხორციელების ყველა ეტაპზე აქტიურად და პირდაპირ არის ჩართული კერძო სექტორი (20 კომპანიამდე) სადაც სწავლების შედეგების დაახლოებით 60% მიიღწევა.

„გუშინ საქართველოში პირველად ჩატარდა დუალური პროფესიული განათლების პროგრამის ,,მევენახემეღვინე’’ საკვალიფიკაციო გამოცდა. სწავლების დუალური მოდელის დანერგვის შედეგად ღვინის სექტორში გაჩნდა პროფესიონალი კადრები, რომლებიც სრულად პასუხობენ კერძო კომპანიების მოთხოვნებს. 

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კერძო სექტორის წარმომადგენლები არა თუ ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებში, არამედ უშუალოდ  უწევდნენ კოორდინირებას სასწავლო და საგამოცდო პროცესებს,“- აღნიშნა ღვინის ასოციაციის წარმომადგენელმა ტატა ჯაიანმა.

საგამოცდო კომისია შედგებოდა სასწავლო კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლების, კომპანიის ინსტრუქტორებისა და კოლეჯის პედაგოგებისგან. პრაქტიკული გამოცდა განხორციელდა ასოციაციის ‘’ქართული ღვინო’’ და განმახორციელებელი პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობით.

საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველსაყოფად გამოცდას აკვირდებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

„საკვალიფიკაციო გამოცდა არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ განათლების ხარისხი და მოვამზადოთ კვალიფიციური კადრები მომზადება კერძო სექტორისთვის. გამოცდა შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კომპონენტისგან,“ -განაცხადა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლმა ნანი დალაქიშვილმა.

პრაქტიკული გამოცდა ჩატარდა ერთ-ერთ სასწავლო საწარმოში “ქინძმარაულის კორპორაცია”. სტუდენტებმა სამწლიანი პროგრამის ფარგლებში მიღწეული უნარ-ჩვევების შესაბამისად შეასრულეს სამუშაოები/ოპერაციები.

პროგრამა მომზადდა „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის დახმარებით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა მიერ და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. პროგრამის თანადაფინანსება ხორციელდება ევროკავშირის მიერ.