ახალი ამბები

ყვარელში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო „ჯორჯიაზ ნეიჩრლი“ ამოქმედდა. პროექტი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

წარმოების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ერთად გაეცნო.

„მთავრობის მიერ განხორციელებული აგრარული დარგის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც უკანასკნელი 5 წლის მანძილზე 190-ზე მეტი საწარმო შეიქმნა, არის წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული.

ის სტანდარტი, რომელიც საწარმოში „ჯორჯიაზ ნეიჩრლი“ არის დანერგილი, ადასტურებს ჩვენ მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, ვიყოთ მაღალ ხარისხზე ორიენტირებული და ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიო ბაზრებზე“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„ჯორჯიაზ ნეიჩრლის“ ხილის და ბოსტნეულის გადამმუშავებელ მეურნეობაში წლიურად 4 000 ტონა ხილის და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. ამჟამად წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებისთვის არის განკუთვნილი. საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი.

კომპანია „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“
ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 2 მილიონ 808 ათას 920 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 630 ათას 200 ლარი გრანტია, ხოლო 1 მილიონ 252 ათასი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმოში 2019 წელს დაინერგა სტანდარტი ISO 22:000. ამ ეტაპზე ორგანული წარმოების სტანდარტი ინერგება და 2019 წლის აგვისტოში კომპანია დარეგისტრირდება, როგორც „ორგანული პროდუქციის გადამამუშავებელი“ საწარმო.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, 200 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.