ახალი ამბებივიდეორეპორტაჟისტატიები

თელავში რეგიონული განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

თელავში რეგიონული პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითმმართველობის ეფექტური თანამშრომლობის ფორმებზე, კომუნიკაციის სტრატეგიის არსებულ პრაქტიკასა და გამოცდილებაზე, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე, საკონსულტაციო საბჭოების როლსა და ფუნქციებზე იმსჯელეს.

შეხვედრა 27 ივნისს სასტუმრო seventeen rooms-ში გაიმართა, რომელსაც თელავის, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის“ დირექტორის, მაია მამულაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო რეგიონული განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები და კომუნიკაციების სტრატეგია.

,, PIN თან თანამშრომლობის ფარგლებში კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების სამ მუნიციპალიტეტში მომზადდა კომუნიკაციების სტრატეგიული გეგმები, ვიმუშავეთ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებთან, აგრეთვე სამოქალაქო სექტორთან და LAG თან.  სტრატეგიული საკითხების განხილვისას გამოიკვეთა კომუნიკაციის არხების გაუმჯობესების საჭიროება, რაც მუნიციპალურ სტრუქტურებს სამოქალაქო ჩართულობის პროცესში დაეხმარება.

ამასთან,  ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას  მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა,  თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების კარგი გამოცდილების დანერგვა და რეგიონული განვითარებისთვის საზოგადოების ჩართულობის მექანიზმების გამოყენება.

 კომუნიკაციის სტრატეგიები, რომელიც მომზადდა დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში,  საბოლოო ჯამში ემსახურებოდა იმას, რომ თვითმმართველობისთვის თვალსაჩინო გახდეს კონკრეტული შედეგები, რომელიც შეიძლება მიღწეული იყოს სამოქალაქო ჩართულობის შედეგად.  სტრატეგიების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტიური მოქალაქეების ჩართულობა’’,- განაცხადა მაია მამულაშვილმა.

GIPA-ს ლექტორის, ლიზა სოფრომაძეს თქმით, რეგიონული განვითარება ქვეყნის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია  და  ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭებათ  მუნიციპალიტეტებს.

,,ხელისუფლება 2006 წლიდან მუშაობს ამ მიმართულებით და დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც აღიარებენ და ხაზს უსვამენ რეგიონული პოლიტიკის მნიშვნელობას საქართველოსთვის. რეგიონებში მუნიციპალიტეტების მიერ, მათი ჩართულობით ხდება პოლიტიკის განხორციელება.

ისინი პროქტებს წარუდგენენ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს, შემდეგ მიდის მსჯელობა და დისკუსია იმაზე, თუ რა პროექტი განხირციელდეს, რომელი დაფინანსდეს, რომელს აქვს უფრო მეტი ზეგავლენა რეგიონის განვითარებისთვის და სხვა.  ეს საბოლოო ჯამში ინფორმირებასაც უწყობს ხელს, იმისთვის რომ თითოეულ პროექტს კონკრეტული შედეგი ჰქონდეს. ამ საკითხის გადაწყვეტისას, საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია. ერთი იმიტომ, რომ მათ გაიგონ რა არის ეს პოლიტიკა და ესა თუ ის  პროექტი როგორ აისახება ზოგადად რეგიონის განვითარებაზე.

ამიტომ ჩვენ ერთობლივი მუშაობით შევიმუშავეთ  თანამონაწილეობითი მოდელი, რომელიც არის მრჩეველთა დარბაზი, ან თანამონაწილეობითი კომიტეტი, კომპეტენტური ადამიანების თანამონაწილეობა, რომლებიც საბჭოს დაეხმარებიან ანალიტიკური და ტექნიკური მუშაობის შესრულებაში. ეს დარბაზი მიაწვდის ინფორმაციას მოსახლეობას და ისინიც იქნებიან ინფორმირებულები რა სახის პროექტები ხორციელდება რეგიონში. ეს სარგებელს მოუტანს ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც’’,- განუცხადა Knews.ge-ს ლიზი სოფრომაძემ.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,კომუნიკაციების სტრატეგიის შემუშავება ლაგებისა და სამიზნე მუნიციალიტეტებისათვის“, რომელიც განხორციელდა ,,მედია ცენტრი კახეთის“ მიერ. შეხვედრა ორგანიზებული იყო  ,,ფიფლ ინ ნიდის’’ მხარდაჭერით.