ახალი ამბებისტატიები

რა რისკებს უკავშირდება რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირება

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.

ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. აღნიშნულმა ფაქტმა ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულები ფიქრობენ, რომ ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს მცირე ბიზნესზე.

,,ვფიქრობთ, რომ ფრენების შეზუდვა მნიშვნელოვან გავლენეს მოახდენს ტურიზმზე. მარან ,,ველისციხურის“ სტუმრების 60%-ს რუსი ტურისტები წარმოადგენდნენ. თუ ეს ნაკადი შეწყდება, ტურიზმი როგორც რეგიოებში ასევე მთალს საქართველოში მნიშვნელოვან ზარალს მიიღებს.

თუმცა, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა დაგვიდგება გვერდით და წელს ტურისული სეზონი ისევე წარმატებით ჩაივლის როგორც გასულ წელს იყო’’,- განუცხადა knews.ge-ს მარან ,,ველისციხურის“ მფლობელმა მაია არუთინოვმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროში დასაქმებული ნანა ქოქიაშვილი, რომელსაც საოჯახო სასტუმრო ,,ნანას საოჯახო სახლი“ მფლობელია განმარტავს, რომ გარდა რუსეთის მოქალაქეებისა, ჯავშნებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც აუქმებენ და ამაში ტრაგედია არაფერია.

მისი თქმით, რუსი ტურისტების დიდი რაოდენობა მანქანებით შემოდის და ფრენების შეზღუდვა ამაზე გავლენას არ მოახდენს.

,,რუსეთი ოკუპანტია და ამ აზრზე ვარ სულ. მაქვს საოჯახო სასტუმრო და დღეს ჩემს სასტუმროზე განვათავსე წარწერა ,,რუსეთი ოკუპანტია‘’ მე ამით დავაფიქსირე ჩემი დამოკიდებულება და მოსაზრება. რუსი არ მოვა ამერიკელი და ფრანგი მოვა. რაც შეეხება ჯავშნების გაუქმებას, ყოველდღე უქმდებოდა აქამდეც და ახლაც როგორც რუსის, ასევე ამერიკელის და სხვა ქვეყნიდან მომავალი ტურისტების.

მეც გამიუქმდა რუსების ჯავშანი, მაგრამ არ ჩავთვალე ტრაგედიად, იმიტომ რომ ამავდროულად გამიუქმდა ჰოლანდიელის ჯავშანი. თუმცა ასევე მომივიდა ჯავშნები რუსებისგან, ასვეე დამირეკეს რუსებმა სექტემბერში გვინდა ჩამოსვლაო. დღეს მაგალითად: რუსი ტურისტები გვყავდა საინფორმაციო ცენტრში.

ჩვეულებრივ გავუწიეთ მომსახურება და კარგ დამოკიდებულებაში ვართ. მათ უყვართ საქართველო. ფრენების შეზღუდვა ვფიქრობ ვერ მოახდენს გავლენას, მე არ მინახია თვითმფრინავით ჩამოსული რუსი ტურისტი აქ.

მათი 99%-ი ძირითადად მანქანებით შემოდის. ამ ადამიანებს რატომ უნდა შეეზღუდოთ მოსვლა აქ, ისევ ისე ჩამოვლენ როგორც ადრე. შესაძლებელია პატარა პრობლემები იყოს დროებით’’,- განუცხადა knews.ge-ს ნანა ქოქიაშვილმა.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე,განმარტავს, რომ პუტინის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი არ აპირებს საქართველოს დატოვებას, ზოგიც კვლავ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას.

,,რუსეთის მოქალაქეების ასეთი წინააღმდეგობა სამოქალაქო გმირობადაც შეიძლება შეფასდეს. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ პუტინის ეს განცხადება უფრო პოლიტიკური რეზონანსის მატარებელია ვიდრე რეალურად ზიანის მომტანი.

მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რუსეთი მაინც არაპროგნოზირებადი ქვეყანაა და ვეცადოთ მოვა¬ხდინოთ ჩვენი ეკონომიკური კავშირების დივერსიფიცირება. გასათვალისწინებელია, რომ პუტინის განკარგულება არ ეხება საავტომობილო ტრანსპორტით შემოსულ ტურისტებს, ხოლო საჰაერო მიმოსვლას რუსი ტურისტების 20-25% თუ იყენებდა საქართველოში შემოსასვლელად. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ლარსის გამშვებ პუნქტს უფრო მეტი დატვირთვა დააწვება’’,- აცხადებს სოსო არჩვაძე.

“შემომყვან ტუროპერატორთა” ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი აცხადებს, რომ კრიზისი გადაივლის მალე, თუ ქვეყანა სწორად იმოქმედებს.

“რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას მოჰყვება შემოსავლების საგრძნობლად შემცირება მასპინძლობის ინდუსტრიაში და ეს განსაკუთრებით სასტუმროებს და კვების ობიექტებს შეეხებათ.

კრიზისი გადაივლის მალე თუ სწორად ვიმოქმედებთ. მომდევნო წლის ტურისტული სეზონი იქნება დაცული და შემოსავლიანი, თუ მაქსიმალურად მოვიზიდავთ ევროპელ, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკელ, დსთ-ს, ახლო აღმოსავლელ, სამხრეთ აზიელ და სხვ. ქვეყნებიდან ტურისტებს.

ამისათვის პირველ რიგში საჭიროა, ახალი ავია-კომპანიების მოზიდვა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ქვეყნის სწორი პოზიციონირება ტურიზმის საერთაშორისო არენაზე. ახალი ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვა უნდა მოხდეს გააზრებულად, სავიზო რეგულაციების და მაღალი პასუხისმგებლობის ფარგლებში’’,- აცხადებს ია თაბაგარი.