ახალი ამბები

საქართველოში მიმდინარე აქციებს ვაშინგტონში ეხმაურებიან

საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებს ვაშინგტონში ეხმაურებიან.
“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი პუტინის ძალების მიერ არის ოკუპირებული, მსგავსი შეხვედრის გამართვა, რამაც ეს სიტუაცია მოიტანა, ძალიან სულელური იყო“, – “ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, ამის შესახებ ამბობს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან და ამერიკის მთავრობის ყოფილი წევრი დევიდ კრემერი, რომელიც საქართველოს საკითხებზე მუშაობდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისში პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებენ. საქართველოს მთავრობამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწვეტილება მიიღო.
მომხდარს ვაშინგტონიდან კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამების უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი ეხმაურება. ის “ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს, რომ დემონსტრანტების გაღიზიანების მიზეზი ესმის.
“მე ქუჩაში ვიხილე გაღიზიანება და მე მესმის ეს გაღიზიანება. ამ ტაქტიკას, მართლმადიდებლური თემის გამოყენებას, რუსეთი ხშირად მიმართავს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, მათ შორის ბალკანეთში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში.
მე მესმის ბრაზის მიზეზი, თუმცა სურათი კარგად არ გამოიყურება. მაშინებს ის, რომ რუსული პროპაგანდა ამას გამოიყენებს და “გაბრაზებულ ბრბოზე“ საუბარს დაიწყებს“, – ამბობს პოლ სტრონსკი.
სტრონსკი აცხადებს, რომ დემონსტრაციებმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე აჩვენა.
“მე ამან კიდევ ერთხელ შემახსენა ის, თუ როგორი ძლიერია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და როგორ გამოხატავს ხალხი უკმაყოფილებას ქუჩაში გასვლით“, – ამბობს ის.
პოლ სტრონსკი თქმით, მისთვის გაუგებარია, რამ განაპირობა ძალის მსგავსი გამოყენება, “თუ დელეგაციამ დატოვა ქვეყანა და ხალხი უბრალოდ პროტესტს გამოხატავდა, მიჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გამოიყენეს მათ [მთავრობამ] ეს ტაქტიკა“.
“მთავრობის მხრიდან მსგავსი მკაცრი ქმედებები არასდროს არის კარგი, რადგან ეს ზოგადად კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს“, – აცხადებს სტრონსკი.
პოლ სტრონსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა დემონსტრაციის მშვიდობიან გარემოში ჩატარებასა და პოლიციის მხრიდან შესაბამისი მოქმედების მნიშვნელობაზე.
“სურათი – იქნება ეს გაღიზიანებული დემონსტრანტები, რომლებიც პოლიციას აწვებიან და პარლამენტში შეღწევას ცდილობენ, თუ პოლიცია, რომელიც მათ წინააღმდეგ იყენებს ცრემლსადენს გაზს, არცერთი არ არის კარგი.
ეს არაა საქართველოსთვის კარგი. უკვე ვნახე რუსეთის პროპაგანდისტული სამსახურების ინფორმაცია და ისინი უკვე ცდილობენ საკუთარი ვერსიის გავრცელებას. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს“.
სტრონსკის ეთანხმება დევიდ კრეიმერიც. ის ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ არასწორი ნაბიჯი გადადგა.
“ვფიქრობ, “ქართულმა ოცნებამ“ არასწორად შეაფასა სიტუაცია, როცა ამ შეხვედრის მასპინძლობა გადაწყვიტა. ეს მაშინ, როცა იცოდნენ, რომ შეხვედრას რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის დუმის დეპუტატები დაესწრებოდნენ. ანუ – ისინი, ვინც შემდგომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ და ისეთ ტრიუკს ჩაატარებდნენ, როგორიც სპიკერის სავარძელზე დაჯდომა იყო. ამან ძალიან მტკივნეულ გრძნობებზე იმოქმედა.
მე მესმის ოპოზიციის რეაქცია. ვფიქრობ, “ქართული ოცნებაშიც“ იყვნენ ადამიანები, ვინც მომხდარმა შესძრა. პროტესტი გასაგებია და მშვიდობიანად უნდა გაგრძელდეს. მსგავსი რამ გამოძიებული უნდა იყოს და გამოძიებაში უნდა მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ეს სწრაფად და სრულყოფილად უნდა იყოს გამოძიებული. და კიდევ: უნდა დაიდოს პირობა, რომ მსგავსი რამ არასდროს განმეორდება. ამასთან, პასუხი აგონ მათ, ვინც ეს გადაწვეტილება მიიღო“, – ამბობს კრეიმერი.
მე ხაზს გავუსვამდი, რომ დემონსტრაციის მშვიდობიანად ჩატარება უმნიშვნელოვანესია, რათა ადამიანებმა რომლებიც აკრიტიკებენ იმას რაც მოხდა, შესძლონ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა. მთავრობას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ არ გამოიყენოს ძალა დემონსტრაციის წინააღმდეგ.
არავისთვის კარგი არ არის დაპირისპირების შექმნა ამ სიტუაციაში. ეს სამწუხარო სიტუაციაა და ეს არც საქართველოს დაეხმარება და არც საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს წარმოჩენა, როგორც ქაოტური ადგილის, მის იმიჯს დააზიანებს“ – ამბობს კრეიმერი.
მომხდარს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოც გამოეხმაურა. საელჩომ ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, ერთობლივი განცხადება გააკეთა და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში, საქართველოს პარლამენტთან ამ საღამოს განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ გვესმის ის ტკივილი, რასაც უამრავი ადამიანი დღეს განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და გამუდმებით იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში”, – ვკითუხლობთ ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ მომხდარი აქცია შეაფასა, როგორც “უპასუხისმგებლო ძალის“ მხრიდან “პროვოცირების მცდელობა“.
ნიკოლოზ ესიტაშვილი