ახალი ამბები

პლასტიკური ქირურგი აქციის დროს დაშავებულებს დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს

პლასტიკური ქირურგი გუშინ ღამე აქციის დროს დაშავებულებს დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს. კონსტანტინე სულამანიძე პოტს instagram-ზე აქვეყნებს.
ქირურგი წერს, რომ ის მზადაა, გუშინდელი აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებს, რომლებსაც პლასტიკური ქირურგის დახმარება ესაჭიროებათ, დახმარება უსასყიდულოდ აღმოუჩინოს.
„გუშინდელი აქციის შემდეგ თუ ვინმეს სჭირდება ჩემი დახმარება, პლასტიკური ნაკერების დროულად დადება ან ნებისმიერი სხვა რამ რაც მე შემიძლია, ჩემი კლინიკა მზად არის მიიღოს ასეთი პაციენტები რა თქმა უნდა რიგის გარეშე და უსასყიდლოდ“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ.
პარლამენტის წინ სიტუაცია გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ.
სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პარლამენტში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და„ქართული ოცნების“ ლიდერები.
აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყვანეს სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 240 მონაწილე დაშავდა, აქედან 80 პოლიციელია. 102 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი