ახალი ამბები

თუშეთში სასტუმრო „სამზეო“ ივლისში გაიხსნება

თუშეთში სასტუმრო „სამზეო“ მიმდნარე წლის ივლისში გაიხსნება. „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი განმარტავს, რომ რეგიონში ეს იქნება ყველაზე დიდი კომპლექსი, რომელიც მთის ტურიზმის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

ლაშა პაპაშვილი სწორედ ამ უკანასკნელის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს გუდის ყველის წარმოებასაც, რომელიც ბიზნესმენმა გასული წლის ბოლოს დაიწყო.

,,გუდის ყველის წარმოება და პროცესში ჩართულობა ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს. მასთან, პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ ადგილობრივ ბაზარზე 3 დღეში 5 ტონა გუდის ყველი გაიყიდა.

სასტუმრო, გუდის ყველის წარმოება და მთის ტურიზმი – ეს ის მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რაც თუშეთისთვის პერსპექტიულია და ამასთან, ძველი ტრადიციების გაგრძელებას ემსახურება. სასტუმრო „სამზეო“ ივლისის დასაწყისში გაიხსნება. მის მეშენებლობაში დაახლოებთ, 10 მლნ ლარამდე დავხარჯეთ. ეს იქნება 43-ნომრიანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო.

ზოგადად, როდესაც თუშეთს ვახსენებთ, აქ იგულისხმება ცხვარიც, გუდის ყველის წარმოებაც და მომთაბარეობაც. ეს ადგილობრივების ცხოვრების წესია. ამით იკვებებოდნენ, ვაჭრობდნენ და ეს ტრადიცია დღემდე შემორჩა. მაშინ როდესაც ეს პრაქტიკულად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში აღარ არის. ტრადიცია ყველგან მოიშალა – პოლონეთშიც, ავსტრიაშიც.

ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს შევინარჩუნოთ, რადგან მას ძალიან დიდი მომავალი აქვს, თუმცა ადვილი არ არის. პრაქტიკულად, წამგებიანი ბიზნესია, მაგრამ მინდა, რომ შევინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით ჩაგვედო ინვესტიციები“, – აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

ბიზნესმენის თქმით, თუშეთში გუდის ყველის საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამჟამად ტექნოლოგიების დახვეწა მიმდინარეობს. ადგილზე კი 20 ადამიანია დასაქმებული. თუმცა პროდუქტი იმდენად მცირე რაოდენობით იწარმოება, რომ მისი ექსპორტზე გატანა არ იგეგმება.