სოფელ ყანდაურაში 85 წლის კაცის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი სერიული მკვლელობის დროს დაჭრილი დღეს დილით გარდაიცვალა.

ინფორმაცია “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

76 წლის ელზა გამყრელიძე 3 მაისს, თავის არეში საკუთარმა ქმარმა დაჭრა. ის თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო ის თბილისში გადაიყვანეს.

სოფელ ყანდაურაში, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, საწოლს მიჯაჭვული ცოლი კი დაჭრა, რომელიც დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრალდებული პოლიციამ იმავე დღეს დააკავა. ომარ გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამყრელიძის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო,თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებას.

შემთხვევიდან ცოტა ხანში დააკვეს ომარ გამყრელიძის შვილიშვილი, მეორე შვილზე კი ძებნა გამოცხადდა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *