ახალი ამბები

პრემიერი – 2020 წლის ზაფხულამდე კახეთში დამთავრდება მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია

2020 წლის ზაფხულამდე დამთავრდება მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მათ დაუბრუნდებათ ისტორიული იერსახე, რაც კახეთში კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს.

მთავრობის მეთაურმა რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება.

„ყველას მინდა მოვუწოდო, მათ შორის, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომ სწორედ ეს ტემპია შესანარჩუნებელი, რათა ინფრასტრუქტურა კახეთში რაც შეიძლება დროულად განვავითაროთ. საშუალება გვქონდეს ყველა სოფელში, ყველა დასახლებულ პუნქტში, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ.

2020 წლის ზაფხულამდე დამთავრდება მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია, მათ დაუბრუნდებათ ისტორიული იერსახე, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს ამ ულამაზეს კუთხეში.

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება, არ ემსახურება მიზანს, რომ ჩვენ რომელიმე ერთი მიმართულება განვავითაროთ მხოლოდ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ინკლუზიური ზრდა. ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

დარწმუნებული ვარ, კახეთის რეგიონი იქნება ყველაზე წარმატებული რეგიონი ამ პოლიტიკის რეალიზაციის შედეგად, რადგან სწორედ კახეთშია არის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა.

ინვესტორებს მინდა, მოგიწოდოთ აქტიურობისკენ უფრო მეტად ამ ულამაზეს კუთხეში და გისურვოთ წარმატებები“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი