კახეთში საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმი ჩატარდა

კახეთში საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმი ,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდა.

კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ მთავრობის წევრები, უცხოელი ინვესტორები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობების და 20-ზე მეტი უცხოური და 150-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

მამუკა ბახტაძემ რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე, კახეთის მხარის ეკონომიკურ პოტენციალზე, ტურიზმის, მეღვინეობის და სხვადასხვა მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

„კახეთში მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რადგან აღნიშნული ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ რეგიონულ განვითარებაზე და გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. კახეთის ეკონომიკური პოტენციალის 25%-ია მხოლოდ გამოყენებული, ეს ნიშნავს, რომ ამ რეგიონში გვაქვს ეკონომიკური განვითარების ძალიან დიდი რესურსი.

მეღვინეობა აქტიურად ვითარდება, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ კიდევ გვაქვს გასაკეთებელი. მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია და ჩვენთვის მთავარია, რომ ეკონომიკა და მეღვინეობა არ იყოს დამოკიდებული ერთ მსხვილ ბაზარზე.

კახეთი ხდება ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება, მნიშვნელოვანია ამისი გააქტიურება. ეს კუთხე ბევრი ისტორიის მატარებელია, აქ ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია და ამ საკითხში ინფრასტრუქტურის განვითარებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება’’,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა კახეთის გუბერნატორმა. ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საინვესტიციო ფორუმი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

,,ფორუმზე მკაფიოდ გამოჩნდა ყველა ის მიმართულება, რომელიც კახეთის ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი და აქტუალური, მათ შორის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა.

უნდა ითქვას, რომ გზავნილები იყო ძალიან მკაფიო, ინვესტორთა ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს კახეთის ეკონომიკურ განვითარებას. საინტერესო თემები იყო, მათ შორის ეხებოდა აეროპორტის, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კი სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ინვესტიციების მოსაზიდად ხელსაყრელი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

„კახეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და იმისთვის, რომ ის სრულად გამოვიყენოთ, საჭიროა ამ შესაძლებლობების ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია 132 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. რეგიონში დაახლოებით 40 მილიონი ლარის ღირებულების 117 კილომეტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უკვე გაფორმებულია კონტრაქტი და თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები’’,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე პრემიერმა ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

,,ამჟამად მიმდინარეა უჯარმის ციხე–ქალაქის რეაბილიტაციის პროექტი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. მსგავსი მაგალითებია ბოდბეში, სადაც იგეგმება სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გომბორზე დავიწყეთ სამუშაოებისთვის მზადება, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიული ქალაქების ცენტრების რეაბილიტაცია.

უკვე დაიწყო თელავის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ველისციხის საინტერესო ისტორიულ დასახლებას და ამ მიმართულებითაც უკვე ვმუშაობთ.

მიმდინარეობს კაკაბეთისა და ველისციხის დამაკავშირებელი გზის პროექტირება და სავარაუდოდ ეს გზა გაივლის სოფელ ჭერემზე, რომელსაც ასევე აქვს განვითარების პერსპექტივა და ვფიქრობთ, იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენას“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაც. ნათია თურნავამ რეგიონში აგროტურიზმის, მინერალური რესურსების და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხებზე გააკეთა აქცენტი.

,,კახეთი მდიდარია წიაღისეულით. მისი ტერიტორია ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მცირედით არის შესწავლილი. ეს ნიშნავს, რომ კახეთში მინერალური რესურსების მიმართულებით დიდი მარაგები არსებობს.

გარდა ამისა, კახეთში დიდი პოტენციალია საშენ მასალათა მიმართულებით ეს არის თიხა–თაბაშირი, კერამიკული და სააგურე თიხები, ინერტული მასალები და ა.შ. მთავრობა კახეთში წიაღისეულის მოპოვების განვითარების მიმართულებით უკვე მუშაობს.

მიმდინარეობს საინვესტიციო წინადადებების დაპაკეტება და მოხდება მათი ინვესტორებისთვის შეთავაზება. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, 2012 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით აქტიურად ვავითარებთ ამ მიმართულებას. ბოლო 5-6 წელიწადში კახეთში აშენებული გვაქვს 6 მცირე და საშუალო ჰიდროსადგური, ეს არის ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია უშუალოდ კახეთში და ეს არის ასობით დასაქმებული ადამიანი.

ასევე დაგეგმილია და სხვადასხვა სტადიაზეა კიდევ 5 ჰიდროსადგურის პროექტი. ეს არის დამატებით ას მილიონზე მეტი ინვესტიცია და ათეულობით მუდმივმოქმედი სამუშაო ადგილი’’, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ფორუმზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით რეგიონის პოტენციალზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კახეთს ბევრი მიმართულება გააჩნია, მნიშვნელოვანია ახალი კულტურების განვითარების ხელშეწყობა.

ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კახეთის რეგიონის პოტენციალი, როგორც ბუნებრივი რესურსების გამოყენების, ისე სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, დიდია. კახეთს გააჩნია ძალიან ბევრი მიმართულება, ეს არის ტრადიციული დარგები: მევენახეობა, მეღვინეობა, ტრადიციული კურკოვანი კულტურები; თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კულტურების განვითარების ხელშეწყობა.

ჩვენ გვაქვს ღვინის ტურიზმის დიდი პოტენციალი, რომლის რეალიზების პირველი ელემენტები უკვე სახეზეა. კახეთში ასევე შესაძლებელია ეკოტურისტული ობიექტების განვითარება როგორც დაცული ტერიტორიების ფარგლებში, ასევე, დაცული ტერიტორიების მიღმა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით ალტერნატიულ შემოსავლის წყაროს გაუჩენს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი აღნიშნული ფორულის ჩატარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, დაინტერესება კერძო სექტორიდან დიდია, მსგავსი შეხვედრები კი ხელს უწყობს ინვესტორების ინფორმირებას.

,,მნიშვნელოვანია, რომ განიხილება რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობები და ეს მუნიციპალიტეტების ჭრილშია განხილული. შესაბამისად დაინტერესება კერძო სექტორის მხრიდან ძალიან მაღალია და ეს ყველაფერი რათქმაუნდა სამომავლოდ კონკრეტული პროეტების განხორციელებაში გადაიზრდება’’,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ჩატარდა.

ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *