ახალი ამბები

შსს – ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის ტერიტორიაზე ვითარების მონიტორინგს ერთობლივად ახორციელებენ

ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან არიან მობილიზებული დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთობლივად ახორციელებენ ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობასა და აქციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოხდეს“, – განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ.

რაც შეეხება სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ დავით გარეჯში დღეს დაგეგმილ აქციას, კუპატაძის განცხადებით, მოქალაქეების აყვანა ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვით მოხდება.

„აქ შეკრებილ ხალხს ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლის საშუალება ექნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ ეტაპობრივად მოვახდინოთ ამ ხალხის აყვანა. რამდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ ისინი რომ ჩამოვლენ, მეორე ეტაპი ავა“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.