ახალი ამბები

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცს გველმა უკბინა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცს გველმა უკბინა. მამაკაცმა პირველადი სამედიცინო დახმარება საკუთარ თავს თავად აღმოუჩინა და ნაკბენი ასანთის ღერებით ამოიწვა. ქვეწარმავალმა მამაკაცი მინდორში დაგესლა.

“მინდორში ვიყავი, როგორ მომიახლოვდა ვერ შევამჩნიე, აცრა არ ჩამიტარებია”, – განაცხადა დაშავებულმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გველის შხამის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტშია შესაძლებელი. 

“ზაფხულის სეზონის დადგომისას, ყველა მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამედიცინო პრეპარატის რაოდენობა გავზარდეთ. კბენის შემთხვევაში, ყველას შეუძლია მიმართვა”, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.
დაშავებული ახალგაზრდა ამჟამად ოჯახურ პირობებში მკურნალობს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი