ახალი ამბები

26 მაისს თელავში ღვინის და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა გაიმართება

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თელავში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. როგორც თელავის მერიაში განმარტავენ, ქალაქის ცენტრში, მოედანზე ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით სხვადასხვა სახის გამოფენა და ღონისძიებები ჩატარდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, ღონისძიებები ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

,,ჩვენ გავუგზავნეთ მსურველებს განაცხადი და გამოფენაზე სავარაუდოდ 8-9 ღვინის კომპანია იქნება წარმოდგენილი. თავიდან გვეგონა, რომ ვინც ტკბილ პროდუქტს აწარმოებს: მურაბებს , ჯემებს და თაფლს, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გამოფენაში, მაგრამ ღონისძიების ორგანიზატორის ინიციატივით, მხოლოდ ხელნაკეთი ნივთების  და ღვინის მწარმოებელთა მონაწილეობა გადაწყდა.

ზოგადად ამ ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია და ეს არის სტიმული იმ ადამიანებისთვის ვისაც მცირე მეწარმეობა აქვთ. ამის პარალელურად თელავის თეატრის ფოიეში გაიმართება აფხაზეთიდან დევნილი მხარტვრების და ახლახანს დაარსებული ტიხრული მინანქრის სახელოსნო ,,სხივის“ ნამუშევრების გამოფენა.

გარდა ამისა, გაიმართება   კონცერტები ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების და თანამედროვე მუსიკის შემსრულებლების მონაწილეობით’’,- განუცხადა Knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.

თელავის მუნიციალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი ზაქარია რაზმაძე განმარტავს, რომ ხელნაკეთი ნივთების, ხალხური რეწვის და ღვინის გამოფენები წინა წლებისგან განსხვავებული იქნება. მისივე თქმით, ტურიზმის დეპარტამენტის დაფინანსებით და ინიციატივით, შეირჩნენ კონკრეტული მწარმოებლები და ხელოვანები, რომლებიც თელავის ცენტრში გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას.

მისი თქმით, სხვა მონაწილეებს, ვისაც გამოფენაში მონაწილება სურს, უნდა მიმართოს თელავის მერიას და შეთანხმების მიხედვით სხვა ადგილას  მოახდენს ხელნაკეთი ნივთების თუ ნებისმიერი სახის პროდუქტის გამოფენას.

,,გამოფენაზე ღვინის კომპანიებთან ერთად იქნება ხალხური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, თექის, ხალიჩების, ფარდაგების და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშევის. ამისთვის კონკეტულად 2 ადამიანი  მოგვყავს სიღნაღიდან და ორიც ახმეტიდან, ვინც კონკრეტულად ამაზე მუშაობენ. სულ გაკეთდება 20 დახლი, სადაც უკვე განსაზღვრულია ვინ უნდა დადგეს და გამოფინოს წარმოებული პროდუქცია.

თელავის მოედანზე, სადაც უკვე განსაზღვრულია ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა გამოფენაში, სხვა რაღაცეების განთავსება არ არის გამართლებული. სცენარი, პროდუქციის განლაგება ყველაფერი განსაზღვრულია წინასწარ და უნდა მოხდეს პირდაპირ ეთერში ჩართვა ღონისძიებების.

სხვა ადგილობრივ მეწარმეებს კი რომლებსაც სურთ გამოფინონ თავიაანთი ნამუშევრები, ჩვენ დახლებით ვერ ვუზრუნველყოფთ მაგრამ მათ შეულიათ სხვა ადგილას დადგნენ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ მერიას. მოედანი კი სრულად ათვისებული აქვს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ზაქარია რაზმაძემ.