ISFED- უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 14 საათისთვის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძეს თქმით, საარჩევნო უბნენზე მონიტორინგს ორგანიზაცია 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში ახორციელებს.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

რიგ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები. უმეტეს ოლქებში ტენდენციის სახით შეინიშნება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომლებიც რიგ შემთხვევებში აღრიცხავენ უბანზე მოსულ ამომრჩეველს.

გარდა ამისა, გარკვეულ უბნებზე დაფიქსირდა საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბანზე აგიტაციის, რეგისტრატორის მიერ ზედმეტი ბიულეტენის გაცემის, მარკირების წესის დარღვევის, უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზების და ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები.

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ნებისმიერ მხარეს, პატივი სცენ საარჩევნო პროცედურებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვას და ამომრჩეველთა ნების თავიუსფლად გამოვლენას’’, -განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *