რა პრობლემებს შექმნის თუშეთის გზის დაგვიანებით გახსნა

თუშეთის გზის გასახსნელად, რომელიც ძლიერი სტიქიის გამო დაზიანდა ამ დრომდე მძიმე ტექნიკა მუშაობს. გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანების სიმძიმის გამო მისი დროულად გაწმენდა ვერ ხერხდება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო კახოიძე განმარტავს, რომ გზის დაგვიანებით გახსნა უარყოფითად აისახება თუშეთის ტურისტულ სეზონზე.

,,სტიქიამ ფშაველი-აბანო-ომალოს გზა რამდენიმე ადგილას დააზიანა, მიმდინარეობს ინტენსიურად მისი გაწმენდა და აღდგენა, თუმცა ტურისტული სეზონის გახსნა რადენიმე კვირით დაიგვიანებს. ეს რათქმაუნდა თუშეთში ტურიზმის კუთხით პრობლემებს შექმნის. ამ გზაზე არიან დამოკიდებული საოჯახო სასტუმროები, მეცხოველეობის სფეროში დასაქმებულები, მეკარტოფილეობით დაკავებულები, სასაზღვრო პოლიცია და სხვა,’’-განუცხადა knews.ge-ს ლადო კახოიძემ.

კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რომ გზის რეაბილიტაციას და გაწმენდას სავარაუდოდ 1 თვე დასჭირდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის სრულდება გზის მე-9, მე-15 და მე-18 კილომეტრებზე, თუმცა დარჩენილია გზის მონაკვეთები, სადაც სტიქიის გამო ისევ რთული მდგომარეობაა. 

,,სტიქიის დღიდან როცა კი შესაძლებელი გახდა ტექნიკის ადგილზე შეყვანა, მუშაობს მძიმე ტექნიკა. ვერ გეტყვით როდის მოხდება გზის გახსნა. სავარაუდოდ ერთი თვე მაინც არის საჭირო, რომ მთლიანად გაიწმინდოს გზა და ის მძიმე შედეგები იქნეს დაძლეული რაც სტიქიამ მოგვაყენა.

რაც მთავარია, ახლა უკვე არის შესაძლებელი ცხვრის გადარეკვა აღნიშნულ გზაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეცხვარეებისთვის. გარდა ამისა, ფრენები, რომელიც არის დანიშნული და ემსახურება ადგილობრივებს გაგრძელდება გზის გახსნამდე’’,- განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა. 

ადგილობრივების თქმით, გზის დაგვიანებით გახსნა ტურიზმის სფეროში დასაქმებულებისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს, რადგან ისინი ტურისტების მიღებას ვერ შეძლებენ. 

,,ბევრი ოჯახი ტურისტებს ყოველ სეზონზე იღებს. გზის არარსებობის გამო კი ვერ მოვა ტურისტი ჩვენამდე. ეს კი არდა იმისა, რომ ზარალია, ცუდად აისახება ჩვენს საქმიანობაზე. ამიტომ არის აუცილებელი არსებობდეს ალტერნატიული გზა ან თუშეთთან დამაკავშირებელი სხვა სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ტურისტს შეეძლება ამოსვლა ჩვენამდე’’,- განაცხადეს ადგილობრივებმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *