არჩევნებიახალი ამბებისტატიები

ოთხ დღეში სოფელი უჯარმა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს სოფელ უჯარმაში ჩატარდება. წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატის მანდატისთვის 12 კანდიდატი იბრძოლებს, საიდანაც 4 ქალბატონია.

საგარეჯოს მე-11 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მღებრიშვილი განმარტავს, რომ სოფელ უჯარმაში საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო დაინიშნა, მისი ადგილმონაცვლე კი 5 დღეში გამოვლინდება.

,,არჩევნები იმართება სოფელ უჯარმაში მე-3 საარჩევნო უბანზე. სოფლის დეპუტატი გარკვეული მიზეზების გამო დაიჭირეს და მას უფლებამოსილება შეუჩერდა. სოფელ უჯარმაში რეგისტრირებულია 436 ამომრჩეველი’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” ზურაბ მღებრიშვილმა.

ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის დარეგისტრირებული 12 კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიამ და გაერთიანებამ წარადგინა.

,,საგარეჯოში საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენში 12 კანდიდატი შეხვდება, საიდანაც 4 ქალბატონია. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კანდიდატია სალმან კულიევი, „ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობიდან” კენჭს იყრის ნინო ხუციშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატია ირაკლი ჯინჭარაძე, „თავისუფალმა საქართველომ”კანდიდატად წარადგინა გიორგი გულარიძე, პარტიიდან „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” კენჭს იყრის მაკა ხორბალაძე, „ახალი ქრისტიან‐დემოკრატებმა” ნიკოლოზი ჯოგლიძე წარადგინეს,
„მოძრაობა სოციალური სამართლიანობიდან” – ნოდარ ბურკაძე,

„პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველოს” კანდიდატი კი არის ალა აშვეთია. გარდა ამისა, ნონა კირთაძე წარადგინა “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობამ”, „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტიიდან” ნუკრი ჭოლაძე, „ქრისტიან‐კონსერვატორებიდან” გიორგი ჯანიბეგაშვილი და ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველოდან” ზურაბ შინდელაშვილი’’,- აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

შუალედურ არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს ირაკლი ჯინჭარაძე იყრის. მოსახლეობასთან შეხვედრები კანდიდატად დასახელების დღიდან აქტიურად დაიწყო.

,,აქტიურად ვხვდები სოფელ უჯარმის მოსახლეობას, ვსაუბრობთ პრობლემებზე, მოგვარების გზებზე. გამარჯვების შემთხვევაში მე მათთან კომუნიკაციას არ შევწყვეტ და დავეხმარები პრობლემების მოგვარებაში ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. ამ დროისთვის 50 -მდე შეხვედრა მაინც მაქვს ჩატარებული’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” ირაკლი ჯინჭარაძემ.

„ქართული ოცნებიდან“ სოფელ უჯარმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 38 წლის ზურაბ შინდელაშვილი იბრძოლებს.
შინდელაშვილი პროფესიით ეკონომისტია. საკრებულოს დეპუტატობის პრეტენდენტი ბოლო დროს კერძო სექტორში საქმიანობდა.

,,სოფლის პრობლემებს კარგად ვიცნობ, ახლაც აქტიურად ვხვდები მოსახლეობას. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირველ ეტაპზე უჯარმაში სასმელი წყლისა და შიდა საუბნო გზების საკითხის მოგვარებაზე ვიმუშავებ’’,- განაცხადა ზურაბ შინდელაშვილმა.

სოფელ უჯარმის მაცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების უმრავლესობას არ იცნობენ და ამ ეტაპზე არ აქვთ გადაწყვეტილი, ვისზე შეაჩერებენ არჩევანს. მათი თქმით, სხვა არჩვნებისგან განსხვავებით, ამჟამად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ნაკლებად აქტიურობენ.

,,ერთი ან ორი კანდიდატის შესახებ მაქვს გაგებული, რომ სოფელში მართავენ შეხვედრას. ბევრი კანდიდატის შესახებ არ გვსმენია, არ ვიცნობთ მათ ხედვას, დაპირებებს და არჩევანის გაკეთება ალბათ გაგვიჭირდება. ვფიქრობთ, ამის გამო ბევრი არ წავა არჩევნებზე’’, – აცხადებენ სოფელ უჯარმის მაცხოვრებლები.