ახალი ამბები

თელავის განაშენიანების გეგმის განხილვა გაიმართება

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება „ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების რეგულირების გეგმის“ და „ქალაქ თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის” საჯარო განხილვა. 

არქიტექტორების განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ქალაქ თელავსა და სოფლებში სოციალური, ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებების გაძლიერებას.

პროექტის კოორდნატორი, არქიტექტორი ვახანგ კასრელიშვილი აცხადებს, რომ თელავის მიწათსარგებლობის გეგმის დამუშავებაში 30–მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, ქართველი და უცხოელი ექსპერტები არიან ჩართულნი.

,,გეგმა მოიცავს 4 ეტაპს, თითოეული ეტაპი კი მოიცავს სამ თვეს. მიწათსარგებლობის გეგმა ეხება არა კონკრეტული ტერიტორიის განვითარებას, არამედ ეს არის კომპლექსური მიდგომა ქალაქის მიმართ, რომელიც მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ, ინფრასრუქტურის, ტრანსპორტის, სივრცით განვითარებას და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვართ ორიენტირებულები კონკრეტული დარგის ან ერთი ფუნქციის განვითარებაზე. მაგალითად: ტურიზმი არის ერთ–ერთი დარგი, რომლის განვითარების პოტენციალი აქვს თელავს და მიბმულია ასევე ეკონომიკაზე.

ეს იქნება დამატებითი შემოსავალი ქალაქისთვის. გარდა ამისა, გეგმა მოიცავს განათლების, კულტურის და სხვა მიმართულებების გაძლიერებას, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და სხვა. დოკუმენტი, რომელიც შემუშავდება, იქნება მთავრობისთვის სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა განვთარდეს ქალაქი. შემდეგ გასაგები იქნება, სად შეიძლება ინვესტიციის ჩადება, რა პერსპექტივები აქვს კონრეტულ ადგილს. ეს არის განვითარების ხედვა, რომელზეც ყველა თანხმდება ‘’,– განუცხადა “კახეთის ხმას” ვახტანგ კასრელიშვილმა.