არჩევნებიახალი ამბებისტატიები

ახმეტაში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება- ვინ არიან კანდიდატები

ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის 2 უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში 11 პოლიტიკური პარტია და მათ მიერ დასახელებული კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძე აცხადებს, რომ შუალედური არჩევნები სოფელ ხალაწანის და ომალოს საარჩევნო უბნებზე გაიმართება და არჩევნებში მონაწილეობას 1218 ამომრჩეველი მიიღებს.

,,საკრებულომ მოგვმართა წერილობით, რომ უფლებამოსილება შეუწყდა მოქმედ დეპუტატს და ამიტომ იმართება არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ხალაწანის მე-8 და ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული მოქალაქეები. სოფელ ხალაწანში არის 427 ამომრჩეველი და ომალოში 791. სულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 1218 ამომრჩეველი’’,- განუცხადა Knews.ge-ს მინდია იუკურიძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ კანდიდატი არჩევნებზე 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. მათივე ინფორმაციით, 11 კანდიდატიდან 5 ქალია.

,,პარტიის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” სახელით, არჩევნებში კენჭს მახამად ეიბოვი იყრის. „ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობიდან” -ანი შაიშმელაშვილი, „თავისუფალი საქართველოდან” ზურაბი შალოშვილი, „საქართველოდან” შოთა თავბერიძე. პარტია „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” კანდიდატი დარია ასლამაზიშვილი იქნება, „ახალი ქრისტიან‐დემოკრატებიდან” მარინა პატიშვილი, „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველოს” კანდიდატია ხატია ბაღიშვილი, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან” გიორგი შაიშმელაშვილი, ეროვნულ‐დემოკრატიული პარტიიდან” გელა ერაძე, „ქრისტიან‐კონსერვატორებიდან” ლალი სურმავა და „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველოდან” როსტომ ალხანაშვილი’’,– აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 

ადგილობრივების განმარტებით, სხვა დონის არჩევნებისგან განსვავებით, შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები ნაკლებად აქტიურობენ. მათი თქმით, მხოლოდ რამდენიმე კანდიდატის შესახებ სმენიათ, თუმცა არ იციან მათი დაპირებები და სამომავლო გეგმები.

,,ვინ არიან კანდიდატები არ ვიცი, მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატი ვნახე ერთხელ შეხვედრას მართავდა. დანარჩენი არავინ მინახავს ჩვენთან მოსული. სხვა არჩევნებზე შეხვედრები ხშირად იმართება მაგრამ ახლა არ აქტიურობენ’’,– აცხადებენ ადგილობრივები. 

მათი ინფორმაციით, არ აქვთ გადაწყვეტილი საარჩევნო უბანზე მისვლისას ხმას ვის მისცემენ, რადგან კანდიდატების პროგრამას, დაპირებებს და სამომავლო გეგმებს არ იცნობენ.