პანკისში დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ

სოფელ დუისში დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

სულხან ბორძიკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვის პარალელურად ადგილობრივები სოფლის ძველ მეჩეთთან შეიკრიბებიან.

მისივე ინფორმაციით, აქცია მშვიდობიანი იქნება. ბორძიკაშვილი მიიჩნევს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებით, სუსი ვერ შეძლებს 2017 წლის დეკემბერში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლანის მკვლელობის გადაფარვას.

„ვიკრიბებით, ეს უბრალოდ იქნება ხალხის პოზიციის გახმოვანება. მალხაზ მაჩალიკაშილის საქმესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში რაც ხდება, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. მალხაზ მაჩალიკაშვილი გაგიჟებამდე მიიყვანეს. ამას ნამდვილად ვამჩნევთ, ვხედავთ და ვფიქრობ, რომ აუცილებელიც არის ამაზე რაიმე სახის რეაგირება. როდესაც ასეთი საქმეებია,
თუნდაც როგორიც თემირლანის საქმეა, რა სახის ნდობა შეიძლება გვქონდეს”, – აღნიშნა სულხან ბორძიკაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *