ახალი ამბები

გურჯაანში ოთარ ჭილაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

გურჯაანში გიმნაზიის დამფუძნებელსა და ყოფილი დირექტორს, ოთარ ჭილაშვილს განათლების სფეროში გაწეული ღვაწლისთვის ვარსკვლავი გაუხსნეს. 

ღონისძიებას ოთარ ჭილაშვილის მოსწავლეები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მისი ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ვარსკვლავის გახსნის იდეა გიმნაზიის კურსთამთავრებულებს ეკუთვნით.

,,დიდი ხანი ვფიქრობდით რა გაგვეკეთებინა ისეთი, რომ ოთარ ჭილაშვილის ღვაწლი და დამსახურება დაგვეფასებინა. მან მაშინდელ გიმნაზიას და ახლა უკვე მე-4 საჯარო სკოლას და ბევრი კარგი საქმე გააკეთა. გადავწყვიტეთ, მისი შრომა დაგვეფასებინა და გაგვეხსნა ვარსკვლავი”,- განაცხადა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ხატია ზაკალაშვილმა.

ვარსკვლავის გახსნას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო თავად ოთარ ჭილაშვილი, თუმცა ცერემონიას სკაიპის საშუალებით ადევნა თვალი.
,,მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ჩემი დაფასებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს”,- განაცხადა ოთარ ჭილაშვილმა.

ძმებმა გურამ და ოთარ ჭოლაშვილებმა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გურჯაანში გიმნაზია 1990 წელს დააარსეს. მაშინ სწავლება ფიზიკის, მათემატიკის და ჰუმანიტარული პროფილის განხრით მიმდინარეობდა. გაკვეთილებს მაშინ უნივერსიტეტის ლექტორები ატარებდნენ.

1991 წელს კი გიმნაზიის მმართველობა ოთარ ჭილაშვილმა ჩაიბარა. სწორედ აქედან დაიწყო სკოლაში სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები: გაძლიერებული სწავლება, განსხვავებული საგაკვეთილო პროცესი, საზაფხულო სკოლა და გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისთვის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში.