ახალი ამბები

ქეთევან ციხელაშვილი- ხელისუფლებას მზაობა აქვს, რომ მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი და კომუნიკაცია ჰქონდეს პანკისის მოსახლეობასთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მოსახლეობას ხვდება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრის მიზანი მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და კითხვებზე პასუხის გაცემაა.

„ხელისუფლებას სრული მზაობა აქვს, რომ მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი და კომუნიკაცია ჰქონდეს, რადგან ესაა ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რომლითაც ყველა საკითხი უნდა გადავჭრათ და დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, იმ ნდობაზე დაფუძნებულ და ძალიან აქტიურ კომუნიკაციას, რომელიც მოსახლეობასთან იყო.

კომუნიკაცია კიდევ უფრო გავაძლიეროთ, თუკი ამის საჭიროებაა და საკითხები ამ რეჟიმში განვიხილოთ. მოსახლეობისაგან მოვისმინე რა აინტერესებთ მათ. ჩვენ გვაქვს პანკისის განვითარების გეგმა და ხედვა, რომელშიც მოსახლეობის ნაწილი უკვე ჩართულია და ესეც შეგვიძლია განვიხილოთ. ეს არ არის ერთადერთი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კომუნიკაცია კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.