ახალი ამბები

თელავში ბებიამ 10 წლის ბავშვი სცემა

თელავის ერთ-ერთ სოფელში ბებიის მიერ ნაცემი ბავშვის საქმეს სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს.

10 წლის ბავშვი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სამართალდამცველებმა მოათავსეს.
ექიმის თქმით, ბიჭს სახის და ხელის არეში სხვადასხვა დაზიანება და სილურჯე აღენიშნებოდა. მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტს სწავლობენ და ბავშვი ამ ეტაპზე მამიდასთან არის გადაყვანილი.

„აღნიშნული ბავშვის შესახებ ინფორმაცია კახეთის სოციალურ სამსახურში პარასკევს შემოვიდა. ბავშვი ამ ეტაპზე მამიდასთან არის უსაფრთხოდ, მაგრამ სოციალური სამსახური მაინც ჩართულია და ამ მიმართულებით ვმუშაობთ”, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრში.

„ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, არასრულწლოვანის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და 10 წლის ბიჭი ბებიის დასთან ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.