ახალი ამბებისტატიები

რა კითხვები დაუსვეს გახარიას პარლამენტარებმა პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გახარიას სხვადასხვა საკითხის, მათ შორის 21 აპრილს პანკსის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუსვეს კითხვები.

“ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრს კომუნიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან პანკისის ხეობის მოვლენებამდე და მომხდარის შემდეგ.

“პანკისთან დაკავშირებით თავდაპირველად ტენდენცია განსხვავებული იყო – იყო ცოტა დაბნეულობა, ტონი ცოტა სხვანაირი გქონდათ. შემდეგ დაიწყო ახალი ტრენდი – მედიასაშუალებებში გამოჩნდნენ ე.წ. ექსპერტები და ანალიტოკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი მოგიწყვეს და თქვენ ხართ მსხვერპლი. ზოგიერთმა მჩხიბავმა პირდაპირ თუ მინიშნებით თქვა, რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ თქვენსა და უშიშროების სამსახურს შორის არის დაპირისპირება.

ეს ყველაფერი გრიგოლ ლილუაშვილის ფრაზამ გაამყარა. თუ მას დავუჯერებთ, თქვენ ინფორმაცია რისკების შესახებ უსაფრთხოების სამსახურიდან მოწოდებული გქონდათ და ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტეთ სპეცოპერაციის ჩატარება. რა ურთიერთობა გქონდათ პანკისთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სპეცოპერაციამდე და სპეცოპერაციის შემდეგ?“, – მიმართა შინაგან მინისტრ გიორგი გახარიას ხათუნა გოგორიშვილმა.

პარლამენტის ვიცე სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს აინტერესებს, პანკისის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები იყო თუ არა სწორად შეფასებული
„თუ არ იყო სწორად შეფასებული ეს რისკები, ვისი პასუხისმგებლობაა და ვის უნდა დავუსვათ ეს კითხვები. უსაფრთხოების სამსახურის მოსმენა გვაქვს და რომ ვიცოდეთ რაზე გავაკეთოთ აქცენტი“, -აღნიშნა ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრისთვის, ნუკრი ქანთარიასთვის კი გაუგებარია, ჰესის მშენებლობის დროს რატომ უნდა იყოს მობილიზებული პოლიციის გაძლიერებული კორდონი. ქანთარია გახარიას ჰკითხა, იცოდა თუ არა მან, რომ პანკისში ჰესის მშენებლობის დაწყების დროს, 35 თუ 40-მდე პოლიციელი გაიგზავნა და ვისგან უნდა ყოფილიყო დაცვა? მისი შეფასებით, ის, რაც პანკისის ხეობაში 21 აპრილს მოხდა, იყო ძალიან დიდი ხნის დაგროვილი უამრავი და მგრძნობიარე პრობლემების გამო უარყოფითი მუხტი.

“ჩვენ რამდენად გვაქვს ტრადიცია იმის, რომ შენდებოდეს ნაგებობა და მას გაძლიერებული პოლიციის კორდონი იცავდეს? ვფიქრობ, რომ არ გვაქვს. იცოდით თუ არა თქვენ, რომ პანკისში ჰესის დაწყების დროს, 35 თუ 40-მდე პოლიციელი გაიგზავნა და ვისგან უნდა ყოფილიყო დაცვა? ბუნებრივია, არა დათვებისა და მგლებისგან, არამედ, ხალხისგან. თუ ეს ინფორმაცია იყო, რატომ იყო გულუბრყვილოდ, რომ ისინი მოერიდებოდნენ პოლიციელებს? შეიძლება, იმ დღეს მოერიდებოდნენ, მეორე დღეს კი – არა.

იმ სურათის თანახმად, რაც ვნახეთ, არა მგონია, ეს მხოლოდ ამ ჰესზე დაგროვილი უარყოფითი ენერგია ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დიდი ხნის დაგროვილი უამრავი და მგრძნობიარე პრობლემების გამო უარყოფითი მუხტი. კითხვა ეს არის: თუ იცოდით ამ უარყოფით მუხტის შესახებ, რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი და არა სხვა ნაბიჯი?“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები შეაფასა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა წევრმაც. ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ 21 აპრილს ხეობაში განვითარებული მოვლენები იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა და შინაგან საქმეთა მინისტრმა კი შეაჩერა მოსალოდნელი სისხლისღვრა.

„დაისვა კითხვა გქონდათ თუ არა ურთიერთობა ვიდრე პანკისში შეხვიდოდით უსაფრთხოების სამსახურთან. ალბათ, უსაფრთხოების სამსახურიდან მოითხოვდით ანალიტიკურ დასკვნას რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა პანკისში დამატებითი ძალების შეყვანას და აუცილებლად გიპასუხებდათ უსაფრთოების სამსახური წერილობით, მაინტერესებს, გვაქვს თუ არა უფლება დეპუტატებს გავეცნოთ ამ პასუხს. მიმაჩნია, რომ თქვენ იქ სწორად მოიქეცით, რომ შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა და ამიტომ მადლობა თქვენ“,- მიმართა კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია კი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხები უნდა გასცეს, ვინ მიიღო სპეცდანიშნულების რაზმის შესვლაზე გადაწყვეტილება.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივები და სამართალდამცველები ერთმანეთს რიგით მესამე ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლების გამო დაუპირისპირდნენ. ვითარება ხეობაში განსაკუთრებით სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს შსს-ს მანქანები და სპეციალური ტექნიკა, ქვები დაუშინეს პოლიციელებს, რის გამოც სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შეტაკების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 სამართალდამცავი და 17 მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ სამართალდამცავები და ადგილობრივები.

ნიკოლოზ ესიტაშვილი