ახალი ამბებისტატიები

სოფელი ველისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იქნება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ველისციხე მალე ტურისტული ცენტრი გახდება. განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეადგინა, მოიცავს ქუჩების, სახლების, თეატრის და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია – რეკონსტრუქციის შესახებ რეკომენდაციებს.

საპროექტო კომპანიის ,,ამხანაგობა 21,, არქიტექტორი გია აბულაძე განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შემდეგ სოფელი ველისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იქნება.

,,გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია ველისციხის თეატრის პირველი სართულის რეკონსტრუქცია, თეატრის წინ მოედნის რეკონსტრუქცია, არსებული დასასვენებელი პარკის და ერთი ქუჩის რეაბილიტაცია, რომ გზა საფეხმავლო გახდეს და საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნას.

იგეგმება ასევე 55-მდე ისტორიული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია თავისი საინჟინრო ინფრასტრუქტურით’’,- განუცხადა „კახეთის ხმას“ გია აბულაძემ.

არქიტექტორის ინფორმაციით, გეგმის შემუშავებისა და მათ მიერ მომზადებული რეკომნდაციების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდს კონკრეტული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნდერიოს გამოცხადების შესაძლებლობა ექნება. გია აბულაძე მიუთითებს, რომ რეგულირების გეგმა სხვადასხვა მიმართულებით სოფელ ველისციხის განვითარებას შეუწყობს ხელს.

,,გეგმის მომზადებამდე ჩვენ ჩავატარეთ საძიებო სამუშაოები და საპროექტო ტერიტორიის კვლევა, ასევე ესკიზური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და მესაკუთრეებთან შეთანხმება, მომზადდა დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და სხვა. რეგულირების გეგმა გულისხმობს თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ველისციხე, რა შესაძლებლობები აქვს სოფელს და სხვა.

ეს არის მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც თვითმმართველობას და ადგილობრივებს დაეხმარება განავითარონ თავიაანთი ნაკვეთები, სახლები, ობიექტები, სოფელი და სხვა. ჩვენ ეს გეგმა წარვადგინეთ საკრებულოზე და მოწონება დაიმსახურა. მალე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერს გამოაცხადებს და შემდეგ დაიწყება კონკრეტული სამუშაოები’’,- აღნიშნა გია აბულაძემ.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, ველისციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება და პროექტის განხორციელებისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მომავალი წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო შემდეგ მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც სოფლის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების მიზანი არის ის, რომ ველისციხე ტურისტულად მიმზიდევლი გახდეს.

ველისციხე თავისი არქიტექტურით და დასახლების ტიპით უნიკალურია. ეს ქალაქური ტიპის დასახლებაა, სადაც მიწისქვეშა ორსართულიანი მარნები, იტალიური ეზოები და ფასადური ტიპის შენობებია განთავსებული. აქედან გამომდინარე ველისციხემ თავისი უნიკალური არქიტექტურით ინტერესი გამოიწვია”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ველისციხე რომ ერთ-ერთი მტავარი ტურისტული ცენტრი გახდება, ადგილობრივები სოფლისთვის ამ მოვლენას უპრეცედენტოდ აფასებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ქუჩის და სახლების რეაბილიტაციისას უნდა შენარჩუნდეს მათი ისტორიული მნიშვნელობა და სიძველე.

მარო მესხის ქუჩაზე მცხოვრები ლევან კაპანაძის სახლი 1910 წელს აშენდა. შენობაში განთავსებული იყო სასამართლო, წინასწარი დაკავების იზოლატორი და სოფლის მეურნეობის ლაბორატორია. იგი ამბობს, რომ სოფელშივ თითქმის ყველა სახლს ისტორიული დატვირთვა აქვს და რეაბილიტაციისას ფაქტორი გათვალისწინებული უნდა იყოს.

,,სახლში 50 წელზე მეტია ვცხოვრობთ. გადმოცემით ვიცი, რომ 1910 წელს დამთავრდა ამ შენობის მშენებლობა. აქ ყოფილა ლაბორატორია, რომელიც სოფლის მეურნეობასთან იყო დაკავშირებული. როგორც გავიგე, ამ შენობაში გამოყავდათ სპეციალური ჭიები, ამრავლებდნენ და შემდეგ არ ვიცი რატომ, მაგრამ ვენახებში უშვებდნენ.

შენობის მეორე სართულზე იყო სასამართლო და წინასწარი დაკავების იზოლატორი. რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ ძველი რემონტი ახლით შეგვეცვალა და კედლებზე პატიმრების მიერ დაწერილი წარწერები აღმოვაჩინეთ.

ეწერა სახელები, გვარები და წლები. ასევე გვაქვს სარდაფი, სადაც ადრე ყოფილა დუქანი. სწორედ ეს ისტორია უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და რეაბილიტაციისას ეს უნდა გაითვალისწინონ. არ უნდა დაიკარგოს ის სიძველე”, – აღნიშნა „კახეთის ხმასთან“ საუბრისას ლევან კაპანაძემ.