ახალი ამბები

შსს – პანკისში ადგილობრივების ქმედებები კანონის ფარგლებიდან იყო გასული

პანკისში პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოქალაქეების ქმედებები, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებიდან იყო გასული, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პანკისში განვითარებულ მოვლენების კომენტირებისას. 

მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და კანონის დამრღვევი მოქალაქეების დაკავების შესახებ გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

“პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას. რაც შეეხება ფორმალურ და სამართლებრივ პროცედურებს, ეს პროცესი მიმდინარეობს. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, კანონის შესაბამისად თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს.

აბსოლუტურად ყველა ქმედება, რაც იქ პოლიციამ განახორციელა, იყო კანონის ჩარჩოებში. მოქალაქეების ქმედებები, იურიდიული შეფასებით, რა თქმა უნდა, იყო კანონის ფარგლებიდან გასული. ამაზე კითხვები არც უნდა არსებობდეს”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.