ახალი ამბები

საჭიროა დიალოგის ფორმალიზება – კახეთის გუბერნატორის განცხადება

,,აუცილებელია  დიალოგის ფორმალიზება პანკისში. უნდა  შეიქმნას უფლებამოსილ პირთა ჯგუფი,  ვისთან დიალოგსაც კონკრეტული შედეგი ექნება, “ –  აცხადებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხეობის მცხოვრებლებთან კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილა, შედეგი ვერ იქნა მიღწეული. ამიტომ ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობაში უფლებამოსილ პირთა ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომლის წევრებიც დიალოგის პროცესში და შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. შემდეგ კი ისინი პასუხისმგებელი იქნებიან მოსახლეობის ინფორმირებაზე.

,,პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან არასდროს ყოფილა კომუნიკაციის პრობლემა. ბევრი შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დონეზე, როგორც ჰესთან დაკავშირებით, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

გუბერნატორი აცხადებს, რომ ხეობაში შეხვედრები  მინისტრების დონეზე არაერთხელ ჩატარდა, თუმცა იმისთვის, რომ აღარავინ თქვას, არ ვიცოდი ჩატარებული შეხვედრების შესახებო, ჩვენი ინიციატივაა ჰესთან დაკავშირებით ეფექტური დიალოგის გასაგრძელებლად ხეობის მხრიდან  ჩამოყალიბდეს უფლებამისილ პირთა ჯგუფი, რომელთა დახმარებითაც იქნება შესაძლებელი დიალოგი ხელისუფლებასთან.

 „ერთი რამ უნდა ითქვას, ინვესტორს ოჯახი არ აქვს დატოვებული, რომ ჰესთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი არ ჰქონოდა. ჰესის მშენებლობაზე გაცემულია ბუნებაზე ზემოქმედების შეფასება, სადაც ნათქვამია, რომ არანაირი მნიშვნელოვანი ზეგავლენა ბუნებაზე ამ მცირე ჰესის მშენებლობას არ ექნება,არც წყალი დაშრება, არ შეიცვლება კლიმატი, არ მოხდება ტყეების გადახმობა და სხვა.

ამიტომ ვფიქრობთ, რომ დიალოგი ყოველთვის აუცილებელია და შესაძლებელი, თუმცა ამ პროცესის ფორმალიზებაა საჭირო, რომ შემდეგ არავინ თქვას, რომ არ გაუგია შეხვედრის შესახებ. ეს უნდა იყოს უფლებამოსილ პირთა ჯგუფი, ვისთან დიალოგსაც ექნება კონკრეტული შედეგი’’,- განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.