ახალი ამბები

პანკისის ხეობის მოსახლეობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

სოფელ ბირკიანში, სადაც 21 აპრილს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

ჰესი „ხადორი 3″ მშენებლობის მიმდებარედ, კი საპოლიციო კონტროლი გრძელდება, სადაც დაცვის პოლიციის 50-მდე თანამშრომელი იმყოფება. ადგილზე რჩება ინციდენტის დროს დამწვარი სამშენებლო ტექნიკა.

ადგილობრივები დღეს, 14:00 საათზე შეკრებას და მომხდარზე მსჯელობას გეგმავენ. ისინი ასევე ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად მზადყოფნას გამოთქვამენ.

,,მზად ვართ შევხვდეთ მთავრობას და კიდევ ერთხელ ავუხსნათ ჩვენი წინააღმდეგობის მიზეზი”, – განაცხადეს ადგილობრივებმა. 

მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის გამოკითხული არიან სამართალდამცველები და ადგილობრივები.