ახალი ამბები

პრეზიდენტმა წინანდალში ემა ლალაევა-ედიბერიძის პერსონალური გამოფენა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინანდალში, ალექსანდე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგაზაფხულო საგამოფენო სეზონი, ქართველი მხატვრის ემა ლალაევა-ედიბერიძის პერსონალური გამოფენა გახსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ემა ლალაევას 20-მდე ნამუშევარი, კერძო კოლექციებიდან.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, რომ დღეს წინანდალში პირველადაა გამოფენილი ემა ლალაევას ნამუშევრები, ძალიან საინტერესო ფაქტია, რადგან დღემდე არავინ იცნობდა მხატვარს, რომელიც ქართული ავანგარდის ერთ-ერთი ძლიერი წარმომადგენელი ქალია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეპრესიების და ჩაკეტილობის მიუხედავად, საქართველო უკვე იყო ევროპის ნაწილი. 

,,ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს რეგიონებისა და ქართული კულტურის მხარდაჭერაა.

ის ფაქტი, რომ წინანდალში მიმდინარეობს კულტურის აღორძინება: მუსიკალური ფესტივალი, ამ საგამოფენო სივრცის გაცოცხლება კახეთის რეგიონისა და მთლიანად საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ ევროპა ჩანს წინანდალში შემთხვევითობა არაა, ეს კანონზომიერებაა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაინტერესდეს ემა ლალაევას შემოქმედებით და შეიტანოს კოლექციებში. არ შეიძლება, რომ მისი შემოქმედება იყოს მხოლოდ კერძო კოლექციაში და არ შეისყიდოს რამდენიმე ნახატი ეროვნულმა მუზეუმმა”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოფენის გახსნაზე ასევე გაიმართა კატალოგის პრეზენტაცია, რომელზეც ხელოვნებათმცოდნემ ქრისტინე დარჩიამ იმუშავა. მხატვრის ბიოგრაფიის გარდა, კატალოგში საფუძვლიანადაა განხილული მისი შემოქმედების ცალკეული ფაზები. ღრმა სამეცნიერო ანალიზის საფუძველზე მხატვრის შემოქმედება დაკავშირებულია არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ხელო

ვნების ისტორიის კონტექსტთან. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გამოფენა წინანდლის სახლ-მუზეუმში ივნისის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი.

ნიკოლოზ ესიტაშვილი