ახალი ამბები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 300 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში 150-მდე სკოლის მშენებლობას და რეაბილიტაციას განახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს 40-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-პროექტირებაზე და ათეულობით სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი. მათ შორის არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის 300 ბავშვიანი საჯარო სკოლა, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან ჯონდო მდივნიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

,,კაბალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელ კაბალს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის”,- განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ კაბალის სკოლის გარდა, ასევე დაგეგმილია ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელზეც უკვე გამოვლენილია გამარჯვებული და მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.